გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
26 მაისი თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა! ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვულოცავ ამ დღეს! 107 წლის წინ, 26 მაისს ქართველმა ხალხმა მთელი მსოფლიოს გასაგონად თქვა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანაა.
დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად და შემდეგ მის დასაცავად ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით დღესაც.ეს ბრძოლა გულისხმობს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, გულისხმობს განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებას.
საქართველო არის პატარა, მაგრამ უდიდესი კულტურის, უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყანა, ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო - 8000 წლიანი მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტი ისტორიით.
ჩვენ გვაქვს ხელშესახები პროგრესი განვითარების გზაზე და წინსვლა გრძელდება.
საქართველო მსოფლიო ცივილიზებულ საზოგადოებაში იმსახურებს ღირსეულ ადგილს.
დღევანდელ დღეს განწყობა, რა თქმა უნდა, შესაბამისია. 26 მაისის აღნიშვნის ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამ ლოკაციაზე ქ.თელავში, ქ.ქუთაისსა და ქ.ახალციხეში მასპინძლობს სტუმრებს.
ღვინის ეროვნული სააგენტო ქალაქ ქუთაისში წარმოდგენილია კონცეფციით - „საქართველო ღვინის სამშობლო“.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობას სთავაზობს.
სოფლის განვითარების სააგენტო მოქალაქეებს ქ. თელავში ცენტრალურ მოედანზე მასპინძლობს. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებულ პროდუქციას და სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებას დაესწრონ.