საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისში, არსენალის მთის ტერიტორიასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის მთავარი მიზანია არსენალის მთის ტერიტორიასთან თბილისის არსებულ საგზაო ქსელთან ეფექტიანი და უსაფრთხო დაკავშირება და ტერიტორიასთან რამდენიმე მიმართულებიდან მისასვლელი საგზაო კავშირების შექმნა. პროექტმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს სატრანსპორტო ნაკადების უკეთ განაწილებასა და დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოძრაობის განტვირთვას.
ტენდერის ფარგლებში კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს არსენალის მთასთან დამაკავშირებელი გზების შესაძლო მიმართულებები და თითოეული მიმართულებისთვის რამდენიმე ალტერნატივა წარმოადგინოს. განსახილველ ვარიანტებს შორის არის – სამტრედიისა და ჩრდილოეთის მიმართულებებით – დაკავშირება, თუმცა კვლევა სხვა შესაძლო მარშრუტებსაც მოიცავს.
ალტერნატიული მარშრუტების შესაფასებლად გათვალისწინებული იქნება საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები. ასევე ჩატარდება სატრანსპორტო ნაკადების კვლევა, შეფასდება არსებული და ახალი გზით მოძრაობის დრო, საგზაო უსაფრთხოება და პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მომზადდება ალტერნატიული მიმართულებების ანალიზი და განხორციელდება ოპტიმალური გადაწყვეტის შერჩევა. პირველი ეტაპის შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ, რომელიც შერჩეული მიმართულებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს.
დეტალური პროექტი მოიცავს გზის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო კვლევებს, საპროექტო ნახაზებს, ხარჯთაღრიცხვას, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს და მშენებლობისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.