საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე დასრულებული საგზაო სამუშაოების მიღების წესი განახლდა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანებით, დამტკიცდა ახალი წესი, რომელიც დასრულებული საგზაო და ნაპირდაცვის/ნაპირაღდგენის სამუშაოების მიღების პროცედურას განსაზღვრავს.
დოკუმენტის მიხედვით, საგზაო სამუშაოები სამ კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორია მოიცავს გზის რეაბილიტაციისა და პერიოდული შეკეთების სამუშაოებს, მეორე — მიმდინარე შეკეთებას, მესამე კი ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო და პრევენციულ სამუშაოებს.
პირველი კატეგორიის სამუშაოების დასრულების შემდეგ კონტრაქტორმა ზედამხედველს და საავტომობილო გზების დეპარტამენტს სამუშაოების დასრულების შესახებ ინფორმაცია ორ სამუშაო დღეში უნდა მიაწოდოს.
შემდეგ, დასრულებიდან ერთი კალენდარული თვის ვადაში, კონტრაქტორმა ზედამხედველს უნდა მიმართოს დასრულებული სამუშაოების მიღების სერტიფიკატის გაცემის მოთხოვნით და წარადგინოს შესაბამისი ანგარიში.
ანგარიში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, უნდა მოიცავდეს გამოყენებული სამშენებლო მასალების ლაბორატორიული გამოცდის შედეგებს, ასფალტ-ბეტონის დაგების ჟურნალს, გზის საფარიდან აღებული ნიმუშების ლაბორატორიულ დასკვნებს, შესაბამისობის სერტიფიკატებსა და მიწის ვაკისის დატკეპნის კოეფიციენტის ლაბორატორიულ დასკვნას.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ ზედამხედველი ადგილზე ამოწმებს, რამდენად შეესაბამება შესრულებული სამუშაოები წარდგენილ ანგარიშსა და საპროექტო დოკუმენტაციას.
წესის მიხედვით, ზედამხედველი დასრულებული სამუშაოების მიღების სერტიფიკატს, როგორც წესი, მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში გამოსცემს.
ამასთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეამოწმოს შესრულებული ან დასრულებული სამუშაოები. ხარვეზის ან ნაკლოვანების არსებობის შემთხვევაში კი, ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მას შეუძლია სამუშაოების ანაზღაურება ხარვეზის გამოსწორებამდე არ განახორციელოს.
ახალი წესი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე დასრულებულ შესაბამის სამუშაოებს არეგულირებს, თუმცა მთავრობის დავალების შემთხვევაში, მისი გამოყენება ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე შესრულებული გარკვეული სამუშაოების მიღების დროსაც არის შესაძლებელი.