დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანების თანახმად, ცვლილება ძალაში 2027 წლის იანვრიდან შევა.
დღეისათვის იურიდიული და ფიზიკური დეპოზიტების დაზღვევის ზედა ჭერი 50 000 ლარითაა განსაზღვრული.
“სამეთვალყურეო საბჭომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს გადაწყვეტილებას სადაზღვევო ზღვრის გაზრდის თაობაზე, რომლის თანახმად 2027 წლის პირველი იანვრიდან ფიზიკური და იურიდიული პირების დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის ოდენობა 100 000 ლარამდე გაიზრდება,”-აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რა დროსაც, დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობა 5 ათასი ლარით განისაზღვრა. მას შემდეგ ზღვარი რამდენჯერმე შეიცვალა და 2025 წლის აპრილიდან 50 000 ლარს გაუტოლდა.