ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გიორგობიანის შეფასებით, სახელმწიფოს დღევანდელი გადაწყვეტილება "თეთრ სიასთან" დაკავშირებით, მისასალმებელია.
როგორც სექტორის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან აცხადებს, სფეროში პრობლემა იდენტიფიცირებულია, მექანიზმის შემცირება ნელ-ნელა უნდა მოხდეს, ხოლო პარალელურად ახალი სისტემა ჩამოყალიბდება.
"ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა, ესაა საუბრის ჯანსაღი შედეგი. მადლობა მინდა გადავუხადო, ინფრასტრუქტურის მინისტრს და ყველა მხარეს, რომელიც აღნიშნულ პროცესში ჩართული იყო. ყოველთვის არსებობს კეთილსინდისიერი და უპასუხისმგებლო კომპანიები, შესაბამისად, ზოგიერთმა კომპანიამ ამ ხაზით ცოტა ბოროტად ისარგებლა, თუმცა სრულყოფილი სისტემა თავიდანვე არ იყო. კარგია, რომ ამ ეტაპზე, პრობლემა იდენტიფიცირებულია.
სახელმწიფომ დააფიქსირა, რომ აღნიშნული მექანიზმის შემცირება ნელ-ნელა უნდა დაიწყოს, პარალელურ რეჟიმში ახალი სისტემა შემუშავდება. ერთ დღეში, სისტემას რომელსაც რეფორმა სჭირდება ვერ მოგვარდება", - აცხადებს ირაკლი გიორგობიანი.
ცნობისთვის, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ე.წ თეთრ სიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ახალი მოდელის თანახმად: ,,თეთრი სიის“ შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია განისაზღვრება 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით; 2029 წლიდან კი ამოქმედდება ახალი მოდელი, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები მოხვდებიან „თეთრ სიაში“ და ისარგებლებენ შესაბამისი პრეფერენციებით.
აღნიშნულის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძისა და სამშენებლო კომპანიების, ინფრტასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
შეხვედრაზე, ასევე ყურადღება დაეთმო ფასების პოლიტიკას. მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან განიხილება ინიციატივა, დაინერგოს ფასწარმოქმნის ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს საბაზრო ღირებულების განსაზღვრას და მის გათვალისწინებას სახელმწიფო შესყიდვებში.
ცნობისთვის, ე.წ. თეთრი სია წარმოადგენს სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით. კერძოდ, საუბარია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის №2 ბრძანებაზე, რომელიც 2016 წლის 26 თებერვალს გამოიცა და ამოქმედდა 2016 წლის 1 მარტიდან. აღნიშნულ დოკუმენტში საუბარია, "თეთრი სიის" წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ.