logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

₾228 მლნ-იანი გრიგოლეთი-ქობულეთის გზის კონტრაქტორთან ხელშეკრულება შეწყდა - ინფრასტრუქტურის მინისტრი

₾228 მლნ-იანი გრიგოლეთი-ქობულეთის გზის კონტრაქტორთან ხელშეკრულება შეწყდა - ინფრასტრუქტურის მინისტრი

1753532341

გრიგოლეთი-ქობულეთის გზის კონტრაქტორთან ხელშეკრულება შეწყდა - აღნიშნულის შესახებ  ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, კონტრაქტორ კომპანიას ოფიციალურად აცნობა.პროექტზე თურქული კომპანია - ერთობლივი საწარმო POLAT YOL & MAPA მუშაობდა.

„დღეს ვიმყოფებით გურიაში, სადაც დავათვალიერეთ ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. ასევე, ვიმყოფებოდით ავტომაგისტრალზე, სადაც გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთზე, სამწუხაროდ, კონტრაქტორმა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები და უკვე გაეგზავნა შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში, განახლდეს სამუშაოები და უკვე წელს მოვასწროთ აღნიშნული პროექტის დასრულება,”-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ გურიაში მიმდინარე პროექტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, მიზეზი კონტრაქტორის მხრიდან  ვალდებულებების  შეუსრულებლობაა. შესაბამისად, გამოყენებული იქნება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ზომა და კონტრაქტორისგან მოთხოვნილი იქნება ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სახის ზიანის ანაზღაურება.

გრიგოლეთი–ქობულეთის მონაკვეთზე, რომელიც E70 საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია, სამშენებლო სამუშაოები 2019 წელს დაიწყო და თავდაპირველი ვადით 2021 წელს  უნდა დასრულებულიყო. კონტრაქტორის მოთხოვნით პირველადი ვადა ორჯერ შეიცვალა, თუმცა ვალდებულებები ახალ ვადებშიც ვერ შესრულდა.

პროექტი ითვალისწინებს 14 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობას.

ამ დროისთვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია 11 კმ-იან მონაკვეთზე, თუმცა დარჩენილი 3 კმ-ზე სამუშაოები სერიოზული შეფერხებით მიმდინარეობდა.

გრიგოლეთი–ქობულეთის გზის მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) მიღებული სესხის ფარგლებში,  228 მილიონი ლარით ფინანსდება.

ამ გზის დასრულება უზრუნველყოფს სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის პირდაპირ კავშირს ქობულეთის შემოვლით გზასთან, რაც გააუმჯობესებს მოძრაობის გამტარუნარიანობას და შეუფერხებელ სატრანზიტო კავშირს.

გამოგვყევით