logo
Loading data...
მთავარი ინფრასტრუქტურა

სტატია

"მიმდინარეობს სატელევიზიო ანძის ძირითადი შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები" - Kass Group

თბილისის სატელევიზიო ანძის მოდერნიზაციის  პროექტი აქტიურ სამშენებლო ფაზაშია.

როგორც კომპანია Kass Group-ში "ბიზნესპარტნიორს" განუცხადეს, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ანძის ძირითადი შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

“დღეს პროექტი უკვე აქტიურ სამშენებლო ფაზაშია. მიღებულია მშენებლობის ნებართვა, მოწყობილია სამშენებლო მოედანი და დასრულებულია მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ძველი ნაგებობების დემონტაჟი. მოეწყო ადმინისტრაციისთვის გადასაცემი დამხმარე ფართი.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ანძის ძირითადი შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები. პარალელურად, მეტალის კონსტრუქციების დამამზადებელ ქარხანა-საამქროში შესაბამისი მეტალის დეტალების დამზადება. პროექტის ფარგლებში 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 90 % ადგილობრივი თანამშრომელია. პროექტს  “არსი ქონსთრაქშენი ახორციელებს”,-აღნიშნავენ კომპანიაში.

მათივე შეფასებით, პროექტის განხორციელება ტურისტულ განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია.

“ანძა და Kass Land-ი, პირველ რიგში, ორი უნიკალური პროექტია, რომელთაც სწორედ ეს უნიკალურობა აერთიანებთ. ეს იქნება თბილისის და წალკის დამაკავშირებელი ორი განსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან ჰარმონიულად დაკავშირებული გამოცდილება - ორი გამორჩეული ლოკაცია, რომელიც სტუმრებს ქალაქიდან ბუნებამდე სრულიად განსხვავებულ ემოციებსა და გამოცდილებებს შესთავაზებს.

ამ ორი პროექტის გაერთიანება შექმნის ერთიან გამოცდილებას, რომელიც თბილისსა და წალკას ერთმანეთთან არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ტურისტული და ემოციური თვალსაზრისითაც დააკავშირებს”,-განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, Kass Land-ი მუდმივად სთავაზობს მომხმარებლებს სიახლეებს განთავსების, კვების, ექსტრემალური თუ გასართობი ატრაქციების მიმართულებით და სამომავლოდ ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო ტურისტულ მიმართულებად ჩამოყალიბებას გეგმავს. 

“მომდევნო 3-5 წლის ხედვაა, რომ Kass Land-ი კიდევ უფრო მეტად ჩამოყალიბდეს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ საერთაშორისო ტურისტულ მიმართულებად, სადაც ერთ სივრცეში გაერთიანებულია ეკოტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ოჯახური გართობა, გასტრონომია და განთავსება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მიზანია არა მხოლოდ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა, არამედ სტუმრის რეგიონში უფრო ხანგრძლივად დარჩენა და წალკის მუნიციპალიტეტის ტურისტულ მარშრუტში უფრო აქტიურად ჩართვა”,-აღნიშნავენ კომპანიაში.

ცნობისთვის, სატელევიზიო ანძის ქვედა ნაწილში მოეწყობა თანამედროვე ვიზიტორთა ცენტრი, ხოლო 70 მეტრ სიმაღლეზე პანორამული რესტორანი.

პროექტის ფარგლებში აშენდება და მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომელიც საერთაშორისო ტურისტული სტანდარტების შესაბამისი იქნება. ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

მშენებლობის დასრულების საბოლოო ვადაა 2028 წლის მარტი. ოპერირების ფაზა გაგრძელდება 25 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მოწყობილი ინფრასტრუქტურა უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფო საწარმოს — შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრს“. პროექტის მიზანია სატელევიზიო ანძის ტურისტულ და კულტურულ ღირსშესანიშნაობად ქცევა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ისე თბილისის საერთაშორისო იმიჯის გაძლიერებას.

შეგახსენებთ, თბილისის ანძის განვითარების და ტურისტული თავშეყრის ობიექტად ქცევის პროექტს კომპანია Kass Group-ი ახორციელებს.

გამოგვყევით