რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ თბილისის ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ისაუბრა.
„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული გამზირის რეაბილიტაცია. რუსთაველის გამზირს თავისი ისტორიული არეალებით და ძეგლებით მეტი დატვირთვა აქვს, ჩვენი ქალაქის გულია. შესაბამისად, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ცენტრალურ მთავრობასთან და განხორციელდა ბაზრის სიღრმისეული კვლევა, სამშენებლო რესურსების, მასალების, ზედნადები ხარჯების და ა.შ. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა, გამოვაცხადოთ ახალი ტენდერი და დარწმუნებულები ვართ, მაღალი კონკურენცია იქნება. უახლოეს პერიოდში გვექნება შესაძლებლობა დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც, დაახლოებით, 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება“ - განაცხადა ვიცე-მერმა.
გიორგი ტყემალაძემ გადაცემაში აღნიშნა, რომ რეაბილიტაცია არ გულისხმობს მხოლოდ ასფალტის საფარის დაგებას, აქ გათვალისწინებულია ძველი, ამორტიზებული მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლა, რაც ათწლეულებია არ განახლებულა.
თბილისის ვიცი მერმა განაცხადა, რომ ეს არის კომპლექსური პროცესი, GWP-თან და სხვა პროვაიდერ კომპანიებთან ერთად.
„ამ ყველა დაგეგმილ სამუშაოს აუცილებლად შევასრულებთ, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაც იქნება განხორციელებული და მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სიურპრიზები გვექნება, ზოგადად, მომავალში დაგეგმარებასთან დაკავშირებით“ - აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.