logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"აგრიაპმა" თაფლის ექსპორტი დაიწყო

თაფლის მწარმოებელმა კომპანია „აგრიაპმა“ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პროდუქციის ექსპორტი დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა დავით ალექსიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, დაახლოებით, გაზაფხულზე კომპანია პროდუქციის ექსპორტს მაროკოშიც გეგმავს.

„საამიროებში შარშან პირველი პარტია გავგზავნეთ. საქართველოდან თაფლის ექსპორტი ძირითადად წონით ხდება, ხოლო ჩვენს შემთხვევაში შეფუთული პროდუქტი გაიგზავნა. გარდა ამისა, მაროკოსთან ერთ წელზე მეტია ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და როგორც იქნა მივიღეთ სერტიფიკატები და დასკვნით ეტაპზე ვართ. ვფიქრობ, რომ გაზაფხულზე, თაფლის ახალი მოსავალი რომ იქნება, შევძლებთ, რომ მაროკოსაც მივაწოდოთ პროდუქცია.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, ჩვენი პროდუქცია თითქმის ყველა ქსელურ მარკეტშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, ვამარაგებთ ქსელურ სასტუმროებს“, - აცხადებს დავით ალექსიძე.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, კომპანიის გაყიდვები, წლიდან წლამდე დაახლოებით, 10-15%-ით იზრდება.

„ჩვენ ვგეგმავდით თაფლის არყის წარმოებას, მაგრამ არ დაგვიწყია. ალბათ, ისე არ მოვინდომეთ და ჯერჯერობით თანხა ამ მიმართულებისთვის ვერ გამოვყავით. ამ დროისთვის, ჩვენ გვაქვს 6 დასახელების თაფლი. ვფიქრობ, რომ ქართული თაფლი იმპორტირებულ თაფლს საკმაოდ კარგ კონკურენციას უწევს. ჩვენი თაფლი უფრო მეტად ხარისხიანია და როგორც  ვიცი უფრო იყიდება“, - აღნიშნავს დავით ალექსიძე.

შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი. დღეისთვის  კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია უმრავლესობა საცალო ვაჭრობის ქსელებში.

გამოგვყევით