Citycom-ის მომსახურებით, დაახლოებით, 300 000 ადამიანი სარგებლობს და კომპანიის დაარსებიდან დღემდე, კორპუსებისთვის შეგროვებულმა თანხამ 55 მლნ. ლარი შეადგინა, - ამის შესახებ სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცის Citycom-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნინი მწარიაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სერვისის მიმართ ინტერესი მზარდია. კომპანიის მიერ შემუშავებულმა ე.წ. ზრუნვის ინდექსმა, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას განსაზღვრავს, 79% შეადგინა.
„Citycom-ი არის სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცე, სადაც მეზობლებს შეუძლიათ კორპუსისთვის საჭირო თანხები შეაგროვონ და საჭიროებებიდან გამომდინარე განკარგონ. კორპუსის კომუნალურების გადასახადებისთვის და ასევე, გარკვეული პროექტებისთვის თანხის შეგროვება ტრადიციული ხერხით ხორციელდებოდა. კერძოდ, კორპუსის თავმჯდომარე კარდაკარ აგროვებდა ლიფტის ფულს და სხვა კომუნალურ გადასახებს, თუმცა ახლა Citycom-მა მომხმარებლებს ამ ყველაფრის ციფრული სივრცე შესთავაზა, სადაც თანხები მარტივად და გამჭვირვალედ დახარჯულიყო. სერვისით სარგებლობისას შეგროვილი თანხები კორპუსის ანგარიშზე ირიცხება, რომელსაც თავმჯდომარე განკარგავს. თითოეულ ტრანზაქციას ყველა მეზობელი თავის აპლიკაციაში ხედავს. შესაბამისად, მომხმარებლებმა იციან დაგროვილი თანხა რას მოხმარდა.
ჩვენთან რამდენიმე სერვისია წარმოდგენილი. კერძოდ, სისტემა, რომლის მეშვეობითაც აპლიკაციაში გროვდება თანხები, ასევე, ცალკე არის წარმოდგენილი სივრცე, რომელიც განკუთვნილია თავმჯდომარეებისთვის, საიდანაც ის მართავს კორპუსს და გარდა ამისა, გვაქვს სერვისების მარკეტი, სადაც სამეზობლოებს შეუძლიათ აირჩიონ სასურველი სერვისები. მაგალითად, დასუფთავების კომპანიები, ლიფტიორები და ა.შ. ანუ ჩვენ ვუწევთ რეკომენდაციას ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს.
გარდა ამისა, Citycom-ი, როდესაც შედის კორპუსში, "ციფრული ყულაბის" გარდა თითოეულ მეზობელს აქვს Citycom-ის ბარათი, რომლის მეშვეობითაც ის შედის კორპუსში და მგზავრობს ლიფტით. ყველაფერი ერთ პრინციპზეა აწყობილი, რაც ძალიან დიდი კომფორტია ყველასთვის“, - აცხადებს ნინი მწარიაშვილი.
ჩამოთვლილი სერვისების გარდა, კომპანია ახალი წლიდან, მომხმარებლებს სოციალური ქსელის პრინციპზე აგებულ ფუნქციონალს შესთავაზებს, რაც როგორც Citycom-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მეზობლების კომუნიკაციას გაამარტივებს.
Citycom-ი თბილისის გარდა წარმოდგენილია ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ქობულეთში, ფოთსა და გორში. ნინი მწარიაშვილის ინფორმაციით, სერვისის მიწოდების არეალი შეზღუდული არ არის.
მისივე ცნობით, ამ დროისთვის, თბილისის 22-მდე უბანშია დანერგილი და ყველაზე მაღალი მოთხოვნა დიდ დიღომსა და საბურთალოზეა, რაც განპირობებულია ახალი კორპუსების აქტიური მშენებლობით და გადახდისუნარიანობით.
„Citycom-ის სისტემა ახალი კორპუსების თითქმის 100%-ში ინერგება, რადგან ხალხს კომფორტი და თანამედროვეობა სურს“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - კომპანია უახლოეს 5 წელში იმ უცხოურ ბაზრებზე გასვლას განიხილავს, სადაც მსგავსი სერვისი ჯერჯერობით დანერგილი არ არის.
ცნობისთვის, Citycom-ი 2017 წელს დაარსდა. კომპანიას დეველოპერებისა და ინჟინრების დიდი გუნდი ჰყავს და ყველაფერი სრულად საქართველოში იწარმოება.