გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
ქართული სამშენებლო კომპანია "ელემენტ ჰოლდინგი" USAID-ის პროგრამების "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" და "USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის" პარტნიორი ხდება.
როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ზაქრო ებელაშვილი გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, პარტნიორობა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და 300 კადრის სამშენებლო მიმართულებით გადამზადებას უზრუნველყოფს.
მისივე ინფორმაციით, კადრები 16 მიმართულებით გადამზადდებიან. თუმცა, პროგრამის დასრულების შემდეგ, კომპანია გადამზადების კუთხით პოზიციონირებასა და ახალი კურსების დამატებასაც აპირებს.
"სამშენებლო სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაბამისად, ჩვენც როგორც ჰოლდინგი ამ დინამიკას უნდა ავყოლოდით, რაშიც სტაბილური პარტნიორების გაჩენის საჭიროება დადგა. გვინდოდა, არა მხოლოდ ვიწრო პროფილურად, არამედ თავად სექტორშიც წვლილი შეგვეტანა.
ევროკავშირთან რაც უფრო ახლოს მივდივართ, მით უფრო მნიშვნელოვანი და საჭირო ხდება საქართველოს სამშენებლო ბაზარზე იმ სტანდარტების შემოტანა, რაც ევროპაშია. ჩვენ ევროპაში სერვისის ექსპორტისათვის უნდა მოვემზადოთ. ევროპის ბაზარზე ვერ შევალთ თუ პოზიციონირება არ გვეცოდინება. შესაბამისად, ევროკოდები არ არის უბრალოდ კოდები, ეს არის პროექტირების, კონსტრუქტირების სტანდარტი, რომელზე გადასასვლებადაც სამშენებლო კომპანიები უნდა მოვემზადოთ,"- აცხადებს ებელაშვილი.
მისივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, უნდა მოხდეს არა მხოლოდ კომპანიებში, არამედ მოქალაქეებში ცნობიერების ამაღლება, თუ რატომაა ევროკოდების არსებობა საქართველოს სამშენებლო ინდუსტრიისთვის საჭირო და კომპანიებმა დამატებითი რესურსი რატომ უნდა გამოყონ.