საზოგადოების ცნობიერება იზრდება, ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო და უფრო ინერგება და შესაბამისად, მოქალაქეები ცდილობენ უფრო ჯანსაღად იკვებონ, - ამის შესახებ უგლუტენო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიის Gluten free-ის დამფუძნებელმა ეკა აბრამიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნულ ტენდენციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Gluten free-ის მომხმარებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 80%-ით გაიზარდა.
"ჩვენი საცხობი განსხვავებულია თავისი კონცეფციით, რადგან ყველა ჩვენი პროდუქტი აბსოლუტურად უგლუტენო და ჯანსაღია. ეს იდეა დაახლოებით, 2014 წელს გაჩნდა, როდესაც შეხება გვქონდა ცელიაკიით (სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც იწვევს ხორბლის, ქერის ან მსგავსი მარცვლეულის საკვებში შემავალი გლუტეინის პეპტიდები) დაავადებულ ადამიანთან. საქართველოში ძალიან იშვიათად ვხვდებოდით ისეთ პროდუქტს, რომელიც არ შეიცავდა გლუტენს. ბევრ კომპანიაში ვცადეთ ამის შეტანა, თუმცა ძალიან რთული აღმოჩნდა ეს პროცესი და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ საკუთარი ძალებით გაგვეხსნა საცხობი, რომელიც 2023 წლიდან ამოქმედდა. მომხმარებლებს პროდუქციის შეძენა როგორც ადგილზე, ისე ონლაინ შეუძლიათ", - აცხადებს ეკა აბრამიშვილი.
მისივე შეფასებით, ცნობადობის გაზრდის შემდეგ მომხმარებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მსგავს პროდუქციას ბაზარზე ბევრგან ვერ შეხვდებით.
გარდა ამისა, ეკა აბრამიშვილის ინფორმაციით, Gluten free-ი სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს, რაც პროდუქტების ასორტიმენტის გაზრდასა და კომპანიის განვითარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, საცხობი Gluten free-ი თბილისში, ფალიაშვილის 53 ნომერში მდებარეობს.