იაპონია ქართული ქვევრის ღვინისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული და საინტერესო ბაზარია, - ამის შესახებ როგორც ''რუისპირის დინამიური მეურნეობის" დამფუძნებელი გიორგი ალადაშვილი ''ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს.
მისივე შეფასებით, უახლოეს მომავალში ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება აზიური ქვეყნებიდან უფრო მეტად გაიზრდება.
"იაპონიაში შარშან ვგეგმავდით ღვინის გატანას, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში, ადგილზე ჩვენი ღვინო აქტიურად იყიდება, რეზერვები არ გვეყო და ვერ გავიტანეთ. მიმდინარე წელს აქტიურად ველოდებით შემოთავაზებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ღვინო ძვირადღირებულებულია და 1 ბოთლის ღირებულება, დაახლოებით, 16 ევროდან იწყება, შესაბამისი მომხმარებელი სჭირდება. გარდა ამისა, არსებობს სხვა ქვეყნებიც, რომლებთანაც აქტიურად ვმუშაობთ. ველოდებით სიტუაციების გადალაგებას, მთავრობის მოქმედებებიდან გამომდინარე და უახლოეს მომავალში ახალ ბაზრებთან დაკავშირებით ინფორმაცია გვექნება.
მსოფლიოში ძალიან იცვლება ტენდენციები. მაგალითად, იმ ქვეყნებმა, რომლებიც ღვინოს აქტიურად მოიხმარდნენ, ღვინის დალევას თავი დაანებეს, მაგრამ პარალელურად იმ ქვეყნებმა დაიწყეს, რომლებიც აქამდე აქტიურად არ სვამდნენ. ვფიქრობ, რომ ქართული ღვინის მიმართ დაინტერესება აზიის ქვეყნებიდან გაიზრდება. ტურისტები და ექსპერტები ჩამოვლენ და ადგილზეც გაეცნობიან ქართულ ღვინოს. ძირითადად, მოთხოვნაა 7-8 დოლარიან ღვინოებზე, თუმცა არიან მომხმარებლები, რომლებიც მაღალ ფასიან ღვინოებს ითხოვენ.
აღნიშნულის გარდა, ძალიან საინტერესოა ჩინური ბაზარიც. მათ ძალიან კარგად ისწავლე ხარისხიანი ღვინის გამოცნობა და ღვინოს სხვანაირად მიუდგნენ", - აცხადებს გიორგი ალადაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, ევროპიდან მოთხოვნა დაახლოებით, 40%-ით შემცირდა. შესაბამისად, გიორგი ალადაშვილის განცხადებით, მეურნეობის სამიზნე ბაზრები ამ ეტაპზე, აზიური ქვეყნებია.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბაზრებიდან მოთხოვნა შემცირდა, მეურნეობის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ამას კომპანიისთვის პრობლემა არ შეუქმნია, რადგან დანაკარგი ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვების ზრდით დაბალანსდა.
"რა თქმა უნდა, ევროპის ბაზარიც რჩება ჩვენს საექსპორტო ბაზრებს შორის, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროპიდან მოთხოვნა, შემცირდა. აღნიშნულის მიზეზი, ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომის გავლენაა. მათთვის რუსეთ-უკრაინის ომი გარკვეული ფსიქოლოგიური დარტყმაა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროპული ბაზრების აღდგენას, დაახლოებით, 5 წელი დასჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ აზიაში ქართული ღვინის ცნობადობა ევროპულ ბაზრებთან შედარებით დაბალია ეს მოცემულობა ვფიქრობ, მალე შეიცვლება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქართული ღვინო აზიურმა ბაზრებმა კარგად გაიცნონ. დღეის მდგომარეობით, ჩვენი წარმადობის 60% ადგილზე იყიდება, ხოლო 40% - ექსპორტზე", - აცხადებს გიორგი ალადაშვილი.
ცნობისთვის, "რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა" თელავის რაიონში, სოფელ რუისპირში ბიოღვინოს აწარმოებს. ვენახი 5 ჰექტარზეა გაშენებული. რაც შეეხება ღვინის მარანს, 2021 წელს გაიხსნა, რომლის ინვესტიციამ 200 000 ლარზე მეტი შეადგინა.