logo
Loading data...

"კამპას" წვენები აფრიკაშიც იყიდება - კომპანია 2024 წელს წარმოების გაფართოებას გეგმავს

"კამპას" წვენები აფრიკაშიც იყიდება - კომპანია 2024 წელს წარმოების გაფართოებას გეგმავს

1716381000

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია ‘’კამპა“ წარმოების გაფართოების პროექტზე მუშაობს. როგორც კომპანიის დირექტორი სანდრო ბუაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე საწარმო ტექნიკური გადაიარაღებისთვის ემზადება.

ბუაძის ინფორმაციით, იგეგმება საწარმოს ახალი, თანამედროვე  დანადგარებით აღჭურვა, რის მიზანიც  ბაზრების დივერსიფიცირება და ასორტიმენტის გაფართოებაა.

კომპანიის დირექტორი  ამ კუთხით განსახორციელებელი  საინვესტიციო თანხის მოცულობას ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, თუმცა, განმარტავს, რომ საწარმოს გადაიარაღების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება.

ამ ეტაპზე „კამპას“ ბრენდით 30-მდე დასახელების პროდუქცია იწარმოება და 12-მდე ქვეყანაში გადის. მიმდინარე წელს  საექსპორტო ხაზს აფრიკა  დაემატა.

როგორც სანდრო ბუაძე განმარტავს, ექსპორტზე პრიორიტეტული  სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის და სპარსეთის ყურეს ქვეყნებია, სადაც კომპანია ეტაპობრივად შეეცდება შესვლას.  უკვე არსებულ ბაზრებზე კი პოზიციები გაძლიერდება.

რაც შეეხება ექსპორტის ზრდის ტემპს, როგორც კომპანიის დირექტორი აღნიშნავს, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, ‘’კამპას“ რეალიზაცია ქვეყნის გარეთ 15%-ით გაიზარდა, წელს კი  დაახლოებით 20%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

კომპანია საბავშვო ხაზის დამატებას გეგმავდა, თუმცა, როგორც სანდრო ბუაძე აღნიშნავს, პრიორიტეტი გადალაგდა და აქცენტი ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე  გაკეთდა. მაქსიმუმ შემოდგომაზე ‘’კამპას“ გემოებს ტროპიკული ხილი - ვარდისფერი გუავა დაემატება.

„ბაზრების დივერსიფიცირება ჩვენი ერთ-ერთი  პრიორიტეტია.  წელს აფრიკის ბაზარზე შევედით და  გვინდა, რომ მომავალშიც ამ რეგიონზე მეტი ფოკუსირება მოვახდინოთ. ზოგადად აფრიკა საინტერესო ბაზარია, დიდი მოსახლეობით და ვფიქრობთ, რომ დიდი პოტენციალია. ჯერჯერობით წილი მცირეა, მაგრამ  ეტაპობრივად გავზრდით,“ -  აცხადებს სანდრო ბუაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“.

ცნობისთვის, საწარმო ’’კამპა’’ საგურამოში მდებარეობს. კომპანია 2008 წელს დაარსდა. 2009 წლის დეკემბრიდან მისი პირველი პროდუქცია საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. ამ დროისთვის „კამპას“ წვენები წარმოდგენილია როგორც შუშის შუშის ბოთლებში, ასევე მუყაოს შეფუთვაში.

წვენები ნატურალურია და  არ შეიცავს ემულგატორებსა და კონსერვანტებს, ამავდროულად მდიდარია ბუნებრივი ვიტამინებით.

მარი ჩიტაია 

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით