კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ "სანდომის” მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეკლა თალაკვაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გაყიდვების კუთხით ზოგადად ბევრი რამ იცვლება და ბაზრის ახალი ტენდენციების გათვალისწინებით, მოთხოვნა პროდუქტზე და ასორტიმენტზე შეცვლილია.
„2024 წელი ჩვენთვის საკმაოდ ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. წარმოება ჩირეულის და ასევე, მარილიანი კრეკერის - სნექის ხაზით გაფართოვდა. ტოპ გაყიდვადი პროდუქტია შეფუთული ვაფლების სერია და გრილიაჟია.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ნედლეული ბაზარზე საკმაოდ არასტაბილური ფასით არის, ჩვენი პროდუქციის ღირებულება უმნიშვნელოდ გაიზარდა.
მიმდინარე წელს კომპანია სნექის ხაზის განვითარებასა და ასევე, ჩირეულის, დესერტების ასორტიმენტის გაზრდას გეგმავს”, - აცხადებს თეკლა თალაკვაძე.
რაც შეეხება ექსპორტს - "სანდომი" 2024 წელს ექსპორტზე ისრაელში გავიდა. როგორც თეკლა სანოძე აღნიშნავს, ამჟამად კომპანიას მოლაპარაკებები კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან აქვს.
მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, "სანდომის" პროდუქციაზე დაინტერესება საკმაოდ დიდია.
ცნობისთვის, საკონდიტრო „სანდომი“ ბაზარზე 2011 წელს გამოჩნდა. ის საქართველოში 2 საწარმოს ფლობს, 400-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 120-ზე მეტი სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. “სანდომის” პროდუქცია საქართველოს მასშტაბით, ყველა ქსელურ და არაქსელურ მარკეტში იყიდება.