logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ლუკა პოლარემ" ბაქოში მე-2 ფილიალის გახსნაზე $150 000-ის ინვესტიცია განახორციელა

"ლუკა პოლარემ" ბაქოში რიგით მე-2 ფილიალი გახსნა. როგორც "ლუკა პოლარეს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ანა ციცქიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, პროექტის ინვესტიცია 150 000 აშშ დოლარი იყო.

მისივე თქმით, კომპანია მომავალში ფილიალების გახსნას სხვა მეზობელ ქვეყნებში აპირებს.

რაც შეეხება ბაქოში გახსნილ მეორე ფილიალს, ის ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე 9 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე სეზონზე ბაქოში კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა იგეგმება. 

ვაგრძელებთ საქართველოს ფარგლებს გარეთ განვითარებას. ამ ეტაპზე ბაქოში გავხსენით  განსხვავებული კონცეფციის ფილიალი, რომელიც გამორჩეულია, როგორც დიზაინით, ასევე პროდუქტის მრავალფეროვნებით. ფილიალში მოწყობილია საბავშვო სივრცე, რომელიც ასევე სიახლეა.

მიმდინარე სეზონზე ბაქოში კიდევ რამდენიმე ფილიალის გახსნა გვაქვს დაგეგმილი. ვფიქრობ, ახალ სეზონს ბაქოში აქტიურად შევხვდებით“, - განაცხადა "ლუკა პოლარეს" დირექტორმა თეა თაბაგარმა.

კომპანიის ცნობით, აზერბაიჯანის ფილიალებს და წარმოებას სრულად ქართული მენეჯმენტი მართავს, თუმცა ადგილობრივი კადრებით დაკომპლექტდა, როგორც სერვისის, ასევე წარმოებისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტები. ბრენდი საქართველოს ფარგლებს 2023 წლის ზაფხულში გასცდა და ბაქოში წარმოება და პირველი ფილიალი აგვისტოში გახსნა. 

"ლუკა პოლარე" კაფე-სანაყინეების ქსელია, რომელიც მომხმარებელს 100-მდე სახეობის ნაყინს და ექსკლუზიურ ყავას სთავაზობს. ბრენდი უკვე 15 წელია მოღვაწეობს და ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 5 ქალაქშია წარმოდგენილი: თბილისში  - 16 ფილიალი, ბათუმში -5, ქობულეთში - 1, ქუთაისში - 1, რუსთავში -  1, აზერბაიჯანში კი  ბაქოში - 2 ფილიალით.

გამოგვყევით