ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ქართველია. განსაკუთრებით სასიამოვნოა ქართველი ემიგრანტების აქტიურობა, რომლებიც ჩვენს წიგნებს უცხოელ მეგობრებს ჩუქნიან, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორთან" გამომცემლობა "მინიატურას" დამფუძნებელმა და დირექტორმა ქეთევან ლაზარაშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გამომცემლობა კიდევ უფრო პატარა "ვეფხისტყაოსნის" საკოლექციო გამოცემას გეგმავს.
"გვაქვს რამდენიმე ზომის წიგნი - 5/7 სმ, 4/3 სმ, 3.5/3.7სმ. ჩვენი გამოცემები ერთმანეთისგან გამოირჩევა განსხვავებული მასალით და დიზაინით. ასევე, ყველა გამორჩეული შემკულობისაა. ძირითადად გამოყენებულია ტონირებული ქაღალდი, ნატურალური ტყავი, ნატურალური ქვები, ოქრო, ვერცხლი, თითბერი და ყველაზე მთავარი, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ჩვენს გამოცემებს, არის ის, რომ ყველა ეგზემპლარი შეკერილია და შემკობილია ხელით. შემკობილი გამოცემების შემთხვევაში, ემატება ისიც, რომ არც ერთი ეგზემპლარი არ მეორდება და ყველა არის ექსკლუზიური დიზაინით შესრულებული.
სამწუხაროდ, ზემოთ ჩამოთვლილი სპეციფიკაციიდან გამომდინარე ჩვენი წიგნები იაფი არ ღირს, ასევე, პოლიტიკური და ეკონომიური მოვლენები, დიდ გავლენას ახდენს გაყიდვებზე. ვცდილობთ სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ჩვენი პროდუქცია ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით იყიდება. გვაქვს რამდენიმე გამოცემა, რომელთაგან არის 100, 200 და 300-ცალიანი დანომრილი გამოცემები, რომელთაგანაც ამ თითქმის ათწლეულის განმავლობაში ტირაჟები ჯერ არ ამოწურულა.
სამომავლო გეგმაა შეიქმნას კიდევ უფრო პატარა ვეფხისტყაოსანი (2,4/2 სმ),რომელიც მალე 300 ტირაჟით გამოიცემა. გარდა ამისა, იგეგმება შოთა რუსთაველის ოქროს მონეტის გამოშვება, რომელიც საკოლექციო იქნება. ამ გამოცემით რუსთაველის სახელმწიფო პრემიაზე წარმადგინეს ქალბატონმა მზექალა შანიძემ, ბატონებმა როინ მეტრეველმა, ლევან თაქთაქიშვილმა, ჯუმბერ ბეჭვაიამ და გური ოტობაიამ, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ. მოუთმენლად ველი შედეგებს, იმედი მაქვს, კომისიის წევრების მოწონებას დაიმსახურებს", - აცხადებს ქეთევან ლაზარაშვილი.
"მინიატურას" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ გამომცემლობა ამ ეტაპზე გამოსცემს ბიბლიას, სახარებას, გალაქტიონ ტაბიძის და ვაჟა ფშაველას პოეზიას. ასევე, ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხიას და კიდევ ათამდე სხვა და სხვა ნაწარმოებს.
ცნობისთვის, პირველი მინიატიურული "ვეფხისტყაოსანი" 2012 წელს გამოიცა პოემის პირველი ბეჭდური ვერსიის 300 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც 1712 წელს დაისტამბა ვახტანგ Vl-ის სტამბაში.