logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"მშენებლობაზე გაცემული რეკორდული ნებართვები, სამომავლოდ, მაღალ სამშენებლო აქტივობას გამოიწვევს" - Galt&Taggart

სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალმა 5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა ოთარ ცუხიშვილმა განუცხადა, მშენებლობა საქართველოს ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი სექტორია.

„ჩვენ მიერ ჩატარებული სექტორული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მშენებლობის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015-2023 წლებში, საშუალოდ 8-10%-ის ფარგლებში მერყეობდა. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალების სექტორი ზრდის ტრენდს აჩვენებს“, - განმარტა ოთარ ცუხიშვილმა.

მისივე თქმით, ამ სექტორის შემოსავალი საშუალოდ 12%-ით გაიზარდა 2018-2023 წლებში და 5.3 მილიარდ დოლარს მიაღწია 2023 წელს.

„აღსანიშნავია, რომ სექტორის ბრუნვის ორ მესამედს იმპორტირებული საქონელი შეადგენს და შედარებით მცირეა ადგილობრივი წარმოების წილი. იმპორტზე დამოკიდებულება შედარებით მცირეა სამშენებლო მასალების სექტორში, ხოლო მაღალია სარემონტო მასალების სექტორში. ცალ-ცალკე რომ ჩავშალოთ ეს ორი სექტორი, ასეთი სურათია -  სამშენებლო მასალების სექტორის შემოსავალი თითქმის გაორმაგდა 2020-2023 წლებში, რაც პანდემიის შემდეგ, მშენებლობის სექტორის სწრაფი აღდგენით და ფასების ზრდით იყო განპირობებული. სარემონტო მასალების სექტორის შემოსავალი კი საშუალოდ 13.6%-ით გაიზარდა 2017-23 წლებში და $2.4 მილიარდს მიაღწია 2023 წელს. აღსანიშნავია, რომ სარემონტო მასალების იმპორტი, ადგილობრივ წარმოებაზე უფრო მეტად იზრდება. ადგილობრივი წარმოება ყველაზე დიდი პლასტმასის პროდუქტებშია, თუმცა ხის და მეტალის პროდუქტები და კაბელების წარმოებაც საშუალოდ ორნიშნა ზრდის ტემპით იზრდება“, - აღნიშნა Galt&Taggart-ის ანალიტიკოსმა.

ოთარ ცუხიშვილის შეფასებით, სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მაღალ მოთხოვნას  სამშენებლო სექტორის აქტივობა განაპირობებს. „გალტ ენდ თაგარტში“ ელიან, რომ აღნიშნულ პროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.

„მოსალოდნელია, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალებზე მზარდი მოთხოვნა შენარჩუნდება, რადგან მთავრობის ინფრასტრუქტურული დანახარჯები მაღალ დონეზე შენარჩუნდება, მშენებლობაზე 2023 წელს გაცემული რეკორდული ნებართვები მომდევნო წლებში გამოიწვევს მაღალ სამშენებლო აქტივობას, ახალაშენებული ბინების მაღალი გაყიდვები კი ხელს შეუწყობს მოთხოვნის შენარჩუნებას სარემონტო მასალებზე, ავეჯსა და ტექნიკაზე“,- განაცხადა ოთარ ცუხიშვილმა.

ცნობისთვის, უძრავი ქონება საქართველოში მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივს წარმოადგენს და ამაზე მიუთითებს ყოველწლიურად გაცემული სამშენებლო ნებართვების მზარდი რიცხვი. Galt&Taggart-ის მონაცემებითვე, მხოლოდ თბილისში, 2024 წლის პირველ 5 თვეში 95 ახალი ნებართვა გაიცა საცხოვრებელი პროექტების მშენებლობისთვის. ამ ნებართვების ჯამური საცხოვრებელი ფართობი 811 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება.

გამოგვყევით