logo
Loading data...

MYMAIKA.GE - მოლოდინი გვაქვს, რომ Euro 2024-ზე საქართველოს სიმბოლიკით მაისურების ბეჭდვაზე მოთხოვნა გაიზრდება

MYMAIKA.GE - მოლოდინი გვაქვს, რომ Euro 2024-ზე საქართველოს სიმბოლიკით მაისურების ბეჭდვაზე მოთხოვნა გაიზრდება

1711621957

მოლოდინი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს სიმბოლიკით მაისურების ბეჭდვაზე მოთხოვნა გაიზრდება. ამის შესახებ MYMAIKA.GE-ს დამფუძნებელმა ნოდო ლობჟანიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს სიმბოლიკით სხვადასხვა ნივთზე მოთხოვნა ყოველთვის არის.

"ზოგადად, მომხმარებელთა დაახლოებით, 15% საქართველოს სიმბოლიკით გვიკვეთავს პროდუქტს, რომელიც ან ვინმესთვის საზღვარგარეთ საჩუქრად წასაღებად სურთ, ან თავად საზღვარგარეთ ჩასაცმელად. შესაბამისად, როდესაც საგულშემატკივროდ გადაწყვეტენ ქართველები წასვლას - ეს გაზრდის მოთხოვნას აღნიშნული სიმბოლიკით მაისურებსა, თუ "ჰუდებზე", - განაცხადა ნოდო ლობჟანიძემ.

რაც შეეხება, ბაზარზე მოთხოვნის ცვლილებას - როგორც MYMAIKA.GE-ს დამფუძნებელი აღნიშნავს, წინა წელთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 10 %-ით შემცირდა.

ნოდო ლობჟანიძის განცხადებით, ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი არის "ჰუდი".

"თავიდან კარგი დაინტერესება იყო საზოგადოების მხრიდან და თან ბევრი კომპანია არ იყო ამ ბიზნესში. დღეს შემცირებულია მოთხოვნა, რადგან ძალიან ბევრია უკვე ამ ბიზნესით დაკავებული. თავიდან ჩანაფიქრი იყო, რომ მხოლოდ ჩვენივე შექმნილი ვიზუალების მაისურები გაგვეყიდა, თუმცა ახლა უფრო მეტი მოთხოვნა მომხმარებლის დიზაინით ბეჭდვაზეა. რაც შეეხება მაგალითად, საფეხბურთო მაისურების, ან დროშების დაბეჭდვას - ეროვნულ ნაკრებს აქვს fanshop.ge, სადაც იყიდება აღნიშნული პროდუქცია და ჩვენ ვერიდებით ნაკრების ვიზუალების ბეჭდვას, რადგან საავტორო უფლება ჩვენ არ გვაქვს", - განაცხადა ნოდო ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთსა და პორტუგალიასთან ერთად ითამაშებს. საქართველოს ნაკრების კალენდარი ევროპის ჩემპიონატზე ასეთია: 18 ივნისი, ქალაქი დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“ - თურქეთი – საქართველო; 22 ივნისი, ქალაქი ჰამბურგი, „ვოლკსპარშტადიონი" - საქართველო – ჩეხეთი; 26 ივნისი, ქალაქი გელზენკირხენი, „არენა აუფ შალკე“ - საქართველო-პორტუგალია.

ანი მუმლაძე

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით