ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი, რომ ყველა ქვეყნის გემოვნება დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ მეღვინეობა "კოლოტის" დამფუძნებელმა და დირექტორმა პაატა ლეკიაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, ქართულ ღვინოს აბსოლუტურად ყველანაირი გემოვნების ადამიანის მოთხოვნას პასუხობს.
"ქართული ღვინო იმ სეგმენტში, რომელშიც იწარმოება, მაღალი ხარისხით გამოირჩევა და საუკეთესოა. შესაბამისად, არ მგონია ქართული ღვინის წარმოებას და ზოგადად, ალკოჰოლური სასმელების ქართულ წარმოებას რომელიმე ქვეყნის გემოვნების, თუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ვერ შეეძლოს", - აცხადებს პაატა ლეკიაშვილი.
თავად მეღვინეობა ბაზარზე გამოჩენას, დაახლოებით, 1 თვეში გეგმავს. როგორც პაატა ლეკიაშვილი აცხადებს, "კოლოტი" ადგილობრივი ბაზრის ათვისების პარალელურად საექსპორტო ბაზრების მოძიებაზე აქტიურად მუშაობს. მისივე ინფორმაციით, მეღვინეობას ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები ყაზახეთთან აქვს.
"კოლოტის" დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ, მეღვინეობის მიზანი პროდუქციის 80%-მდე ექსპორტზე, ხოლო დანარჩენი რაოდენობის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციაა.
ცნობისთვის, "კოლოტის" 10 ჰა-ზე გაშენებული ვენახი და მარანი, ახმეტის რაიონის სოფელ ალავერდში მდებარეობს. მეღვინეობის წლიური წარმადობა კი, დისტილატების(გამოხდილი პროდუქცია) კუთხით 10-12 000 ბოთლია, ხოლო ღვინის კუთხით ჯამში 75 000 ბოთლამდე.