logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის, დაახლოებით, 35% ჩაანაცვლა

ქართულმა ზეითუნის ზეთმა იმპორტირებულის, დაახლოებით, 35% ჩაანაცვლა. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ზეთისხილის მოსავალს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

"წარმოების მოცულობები იზრდება. მომავალი 5 წლის განმავლობაში ბაზრის მინიმუმ 60%-მდე დავიკავებთ. ქვეყანაში ზეთისხილის მასიური წარმოება დაიწყო და ვნახოთ, წელს რა მოცულობები იქნება", - აცხადებს გიორგი სვანიძე.

მან ასევე ისაუბრა ზეთისხილის საპნის წარმოებაზე და აღნიშნა, რომ საპნის რეალიზაცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. 

"ეს არის ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი. როგორც 200 წლის წინ მზადდებოდა საპონი - სწორედ ისე მზადდება ახლა. საშუალო ფასი 5 ლარია და წლიური წარმადობა 200 000 ცალი", - აღნიშნა სვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ჯეოლაივი“ პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა.

კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. როგორც კომპანიის დირექტორი გიორგი სვანიძე ამბობს, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 5 მლნ დოლარია.

კომპანია ამ დროისთვის ზეთის ხილს, ზეითუნის ზეთსა და საპონს აწარმოებს.

გამოგვყევით