პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, ბიზნესის ინტერესშია უფრო ეფექტიანად ფუნქციონირება და გაყიდვების ზრდა კონკურენტულ გარემოში, თუმცა ბაზრის მიმდინარე ვითარება რეალურ კონკურენციას მთლიანად ვერ ასახავს.
"მაგალითად, თუ ჩვენ გვყავს 5 ან მეტი მოთამაშე, მათ ერთნაირი ბიზნესმოდელი აქვთ აწყობილი, მაშინ ფაქტობრივად, კონკურენცია არ არსებობს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ისეთ კორექციას, რომ იმ კომპანიების ბიზნესმოდელი, რომელთაც ზემოთ მდგომი სუბიექტების მხრიდან ბაზრის დომინირებაზე აქვთ აგებული სისტემა, არ გახდეს ერთადერთი გზა ჯაჭვის ქვედა რგოლებისთვის,“ — განმარტა ბერეკაშვილმა.
მისი თქმით, კომპანიების მხრიდან კონსოლიდაცია და ბაზრის წილის გაფართოება ძირითადად საცალო ქსელების გაფართოებაში გამოიხატება, თუმცა ეს პროცესი ფინანსურ შედეგებზე ყოველთვის ეფექტურად არ აისახება.
„ბოლო სამი წლის ანალიზი აჩვენებს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიების ბრუნვა იზრდება, მარჟები მცირდება. ახალი მაღაზიების გახსნა რეალურ მოგებას ვერ აგენერირებს — ეს ექსპანსია ხშირ შემთხვევაში მომხმარებლის ხარჯზე მიმდინარეობს. პრობლემა ის არის, რომ თუ ეს პროცესი სუფთა კაპიტალის რეინვესტიციით ან საკრედიტო რესურსის მიზნობრივი გამოყენებით განხორციელდებოდა, კომპანიები უფრო ფრთხილად მოეკიდებოდნენ ასეთ გაფართოებებს,“ — განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
შეგახსენებთ, სასურსათო პროდუქტებზე, მედიკამენტებსა და საწვავზე ფასწარმოქმნის შესწავლის მიზნით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას მომავალი კვირიდან დაიწყებს. დროებით კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო კომისიამდე ფასებთან დაკავშირებით მუშაობა დაიწყო სამთავრობო კომისიამ. გადაწყვეტილება პრემიერის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმადაც საქართველოში სურსათის ფასების მაჩვენებელი ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ფასებთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნა აპრილში იქნება.