logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ურჯუკას მარანი" სინტროპული ბაღის გაშენებას გეგმავს

"ურჯუკას მარანი" სინტროპული ბაღის გაშენებს გეგმავს. ამის შესახებ "ურჯუკას მარნის" დამფუძნებელმა ბექა ურჯუკაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ეს იქნება 1 ჰა-ზე გაშენებული ბაღ-ვენახი, სადაც არამხოლოდ ვაზი, არამედ ხილი და ბოსტნეულიც იქნება. როგორც ბექა ურჯუკაშვილი აღნიშნავს მეურნეობის მთავარი მიმართულება ნატურალური და ჯანსაღი პროდუქციის მიღებაა.

"მარნის ტერიტორიაზე სინტროპულ ბაღებს ვაშენებთ. ჩვენ იქ უნდა შევქმნათ ისეთი ეკო სისტემა, სადაც არამარტო ვაზის, არამედ სხვა ნატურალური პროდუქტის მიღება იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ვაზს - დავიწყეთ არატრადიუციული მეთოდით ვენახის გაშენება, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაზი იმ სახეობის  ხეებზე იქნება შეზრდილი, რომელიც ვაზს დაავადებებისგან დაიცავს და დანამატები აღარ დასჭირდება. ეს იქნება 1 ჰა-ზე გაშენებული ბაღ-ვენახი და არა მხოლოდ ვენახი. აქ იქნება როგორც ხილი, ასევე ბოსტნეული. პროექტში გათვალისწინებულია ტურისტული მიმართულების განვითარებაც, რაც გულისხმობს იმას, რომ ადამიანებს შეეძლებათ მოსვლა, ღვინის ადგილზე დაგემოვნება და მეურნეობის დათვალიერება", - განაცხადა ურჯუკაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ექსპორტზე გასვლაც.

"ჩვენ ღვინოს ტრადიუციული ქვევრის ტექნოლოგიით ვაყენებთ და ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად დავხვეწოთ, უფრო მაღალი ხარისხის ღვინო მივიღოთ. ჯერჯერობით მხოლოდ ქართულ ბაზარზე ვართ და ვცდილობთ, რომ ქართული ღვინის სახელით მსოფლიო ბაზარზე ჩვენი სიტყვა ვთქვათ. საფრანგეთში უკვე ჩავატარეთ დეგუსტაციები და დაინტერესება არის", - განაცხადა ბექა ურჯუკაშვილმა.

ცნობისთვის, "ურჯუკას მარანი" საგარეჯოს რაიონში, სოფელ პატარძეულში მდებარეობს და ბაზარზე მეორე წელია რაც გამოჩნდა. მარანი მომხმარებლებს ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებულ ქვევრის ღვინოს სთავაზობს. ამჟამად, მარანი სამი სახეობის ღვინოს აწარმოებს, ესენია: საფერავი, ქისი და რქაწითელი მწვანე. "ურჯუკას მარნის" ღვინის შეძენა თბილისსა და ბათუმში როგორც ღვინის მაღაზიებში ასევე, ბარებშია შესაძლებელი.

გამოგვყევით