"თუ ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური კადრები, პასუხისმგებლობა გვაქვს, რომ თანამშრომლებს საჭირო უნარების ასათვისებლად ტრენინგები ჩავუტაროთ,"- ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" კომპანია GWP-ის გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კადრების გადამზადების კუთხით გეგმები აქვთ, რომელსაც მათი მმართველობის პერიოდში, ყოველწლიურად განახორციელებენ.
"ჩვენ, ჩვენსავე თანამშრომლებში ვაპირებთ ინვესტიციების განხორციელებას, რომელიც მათ ტრენინგებსა და ახალი უნარების ათვისებას მოხმარდება. ეს კი, მათ ყოველდღიური ამოცანების შესრულებაში დაეხმარებათ,"- აცხადებს სანტოსი.
აღსანიშნავია, რომ GWP-ში ამ ეტაპზე 3000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით აქტივობებს ახორციელებენ.
ცნობისთვის, Aqualia-მ ქართული GGU-ს (Georgia Capital-ის შვილობილი კომპანია Georgia Global Utilities) 65%-იანი წილი 2022 წელს,$180 მლნ-ად შეიძინა. ესპანური კომპანია Aqualia მსოფლიო ათეულში შედის და 17-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს, რომელთა შორისაა, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და პორტუგალია.