logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ზარაფხანა: მიუხედავად გაზრდილი ფასისა, ქვეყანაში ოქროზე მოთხოვნა მაინც მაღალია

წლიურ ჭრილში, 1 გრამი ოქროს ფასი 21-23 ლარით არის გაზრდილი, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  „ზარაფხანას” აღმასრულებელმა დირექტორმა  თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაძვირებული ნედლი ოქროს გამო, საიუველირო კომპანიებს ოქროს ნაკეთობების ფასების დაკორექტირება მოუწიათ.

„მიუხედავად გაზრდილი ფასისა, ქვეყანაში ძვირფას მეტალზე მოთხოვნა მაინც მაღალია. ოქრო საქართველოში კვლავ რჩება მნიშვნელოვან საინვესტიციო აქტივად, ასევე აქტიურად გამოიყენება საჩუქრის დატვირთვითაც. შესაბამისად, წლევანდელი შემოდგომის პერიოდიც საკმაოდ აქტიური იყო - როგორც მოთხოვნა, ისე გაყიდვები ჩვენი კომპანიის მაგალითზე 18%-ით არის გაზრდილი“, - აღნიშნა თორნიკე სამხარაძემ.

„ზარაფხანას” აღმასრულებელ დირექტორს დადებითი მოლოდინი აქვს ზამთრის სეზონთან მიმართებითაც, რასაც წინა საახალწლო პერიოდს უკავშირებს.

„ახალ წელს ოქროს ნაკეთობებზე მოთხოვნა იზრდება, შედეგად მზარდია გაყიდვებიც. თუმცა, სწორედ გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, დეკემბერში ოქროს ფასები გლობალურად იზრდება ხოლმე, რაც თავად ამ ინდუსტრიის სპეციფიკას უკავშირდება. ამიტომ, ველოდებით, რომ ოქროს ფასი დეკემბრის პირველი რიცხვებიდან ისევ გაზრდას დაიწყებს, თუმცა, შემდეგი წლიდან უნდა დასტაბილურდეს“,  - განმარტა თორნიკე სამხარაძემ.

ცნობისთვის, ოქროს საერთაშორისო ბირჟებზე ფასების მერყეობა შეინიშნება. ბოლო 1 თვეში, ოქროს გლობალური ფასი 9 პროცენტით გაიზარდა და ამჟამად, 1 უნცია ძვირფასი მეტალის ღირებულება 2002 დოლარს შეადგენს.

გამოგვყევით