სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, 2025 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.6 პროცენტით განისაზღვრა.
„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.09 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-4.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში -0.04 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ძირითადად, შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-0.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (-0.3 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა -0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალების შეძენასა (-2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.6 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურების (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე; ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.0 პროცენტი) ქვეჯგუფზე”, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 პროცენტი).