logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

2025 წლის I კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ ₾26 მლნ შეადგინა

2025 წლის I კვარტალში სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ ₾26 მლნ შეადგინა

1748507340

2025 წლის 3 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან  453 მილიონი ლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 325 მილიონ ლარს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.

ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 76 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 26 მილიონი ლარი (2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 69 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 25 მილიონი ლარი) შეადგინა.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 675 მილიონ ლარს შეადგენს, ხოლო კაპიტალი 473 მილიონ ლარს.

საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 7% დაზღვეულია. 2025 წლის 3 თვეში 773 366 სამედიცინო დაზღვევის პოლისი იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 140 367 პოლისი იყო გაყიდული.

2025 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მოზიდული სადაზღვევო პრემიით ბაზარზე „ჯიპიაი“ (92 მლნ. ლარი) ლიდერობს, მას მოსდევს „თიბისი“ (78 მლნ ლარი) , მესამე ადგილზე კომპანია "იმედი L“ (60 მლნ ლარი), მეოთხე ადგილზეა „ალდაგი“ (46 მლნ ლარი), ხოლო მეხუთე ადგილს  სადაზღვევო კომპანია "არდი" (33 მილიონი ლარი) იკავებს.

2025 წლის 3 თვეში  ყველაზე დიდი მოცულობით ზარალი კომპანია „ჯიპიაი“ (34 მლნ ლარი) აანაზღაურა. ანაზღაურებული ზარალის მოცულობით მეორე ადგილზეა  "თიბისი" (27 მლნ ლარი), მესამეზე კი  ალდაგი“  (24 მლნ ლარი) იკავებს. მეოთხე ადგილს  " იმედი L"  (21 მლნ ლარი) იკავებს, მეხუთე ადგილს კი “არდი” (15 მლნ ლარი).

2025 წლის  3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით ლიდერობდა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ 66.7 მილიონი ლარით და ბაზრის 27% ეჭირა, შემდეგ მოდის სადაზღვევო კომპანია "იმედი L" – 53.4 მლნ ლარით (ბაზრის 21%), მესამე ადგილს კი სადაზღვევო კომპანია  "არდი"  - 29.2 მლნ ლარით (ბაზრის 12%), მეოთხე ადგილზე "თიბისი"  იყო - 25.7 მლნ ლარი (ბაზრის 10%), მეხუთე ადგილზე კი "ბენეფიტი" – 23.2 მლნ ლარი (ბაზრის 9%).

სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი“ ლიდერობს 20.7 მლნ. ლარით, მას მთლიანი წილის 24% უჭირავს. მეორე ადგილზე „ალდაგია“ 15.3 მლნ ლარით (ბაზრის 18%), ხოლო მესამეზე კი “ბენეფიტი” 11.9 მლნ ლარით (ბაზრის 14%).

ქონების დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 31 მილიონი ლარი შეადგინა. დაზღვევის აღნიშნულ სახეობაში ლიდერი „ალდაგია“ 13.3  მლნ. ლარით და მასზე მოზიდული პრემიის 36% მოდის. მეორე ადგილზეა  „თიბისი“ 10.5 მლნ. ლარით, ხოლო მესამეზე “ირაო” 4.9 მლნ. ლარით.

სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 32  მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ დაზღვევაში „თიბისი“ ლიდერობს - კომპანიამ 3 თვეში 14.3  მილიონი ლარი მიიზიდა და ბაზრის 44% დაიკავა. მეორე პოზიციაზე „ალდაგია“ – 8.9 მილიონი ლარით. მესამე ადგილზე კი „იმედი L“  - 4.3 მილიონი ლარით.

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 7 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზრის ყველაზე დიდი წილი “ჯიპიაის”  უჭირავს - 2.1 მილიონი ლარით და მთლიანი ბაზრის 33%, მეორე ადგილზე "ალდაგი" 1.7 მილიონი ლარით.  მესამე პოზიციას “თიბისი” იკავებს - 0.9 მილიონი ლარით.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

გამოგვყევით