ბაზარზე რამდენიმე დღის წინ გამოვჩნდით, თუმცა მომხმარებლები უკვე გვყავს და შეკვეთების მიღებაც დავიწყეთ, - ამის შესახებ სამოგზაურო ელ.კომერციის პლატფორმა Droper.ge-ის დამფუძნებელმა გიგი ქათამაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, Droper.ge-ზე მომხმარებლებს ის ნივთები და აქსესუარები დახვდებათ, რომლებიც მათ მოგზაურობას გაამარტივებს და კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
"მოგზაურობას როდესაც დაიწყებ მიხვდები, რომ ბევრი ისეთი ნივთი, ან მოწყობილობა გჭირდება, რაზეც აქამდე არ გიფიქრია. ბაზარზე ბევრ პროდუქტს შეხვდებით, რაც მოგზაურობისთვის გამოგადგებათ, თუმცა ჩვენი პროდუქტები კონკრეტულად მოგზაურობის დროს არსებულ გამოწვევებზეა მორგებული. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Droper.ge-ის პლატფორმა მთლიანად მიმართულია სამოგზაურო პროცესის გამარტივებასა და მომხმარებლებისთვის უკეთესი სამოგზაურო გამოცდილების შეთავაზებაზე.
სამოგზაურო ინვენტარის მიმართულებით ბაზარზე კონკურენციაა, თუმცა ჩვენი პროდუქცია სხვა შეთავაზებებისგან განსხვავდება. კერძოდ, ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ და შევთავაზებთ უფრო smart, მარტივ და უფრო უნიკალურ პროდუქტებს. შეიძლება ითქვას ამჟამად, ჩვენი საიტის "ბეტა" ვერსია ფუნქციონირებს და ამჟამად, ვებ გვერდზე 13 პროდუქტია წარმოდგენილი. მათ შორის, ჩანთები, "ორგანაიზერები", "გაჯეტები" და სხვა ბევრი საინტერესო რამ, რაც მოგზაურობაზეა გათვლილი.
ჯერ სულ რამდენიმე დღეა გავიხსენით, თუმცა მომხმარებლები უკვე შევიძინეთ და შეკვეთების მიღებაც მოვასწარით. ამჟამად ძირითადი მოთხოვნა სამოგზაურო ვაკუუმ ჩანთებზეა, რომლებიც იდეალური გადაწყვეტილებაა თვითმფრინავში ასატანად და ბარგის ზომის შესამცირებლად", - აცხადებს გიგი ქათამაძე.
მანვე აღნიშნა, რომ Droper.ge-ის ასორტიმენტი აუცილებლად გაიზრდება და მომხმარებელს წინ მრავალი საინტერესო პროდუქტი და აღმოჩენა ელის.
"ყველაფერი წინ გვაქვს, ფიზიკურ მაღაზიას არ ვგეგმავთ, თუმცა ვაპირებთ ასორტიმენტის გაზრდას და ძალიან ბევრი საინტერესო პროდუქტის შეთავაზებას მომხმარებლისთვის. მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ვახორციელებთ, ასევე, თბილისში სწრაფი მიწოდების საშუალებაც გვაქვს. ამჟამად, ფოკუსირებული ვართ მხოლოდ საქართველოზე და და მიწოდებას მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ, თუმცა შეძენა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი", - აღნიშნა მან.