2025 წლის III კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 1.4%-ით ნაკლები, სულ 3.5 მილიონი ტონა ტვირთი. აღნიშნული მოცულობის 9.5% მოდიოდა ადგილობრივ გადაზიდვაზე, 32.4% — საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.1% — ტრანზიტზე. ამის შესახებ ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
2025 წლის III კვარტალში საერთაშორისო გადაზიდვის რეჟიმში რკინიგზით გადატანილი ტვირთის ჯამური მოცულობის 77.3% მოდიოდა ქვეყანაში შემოტანილ ტვირთზე, 22.7% კი — ქვეყნიდან გატანილზე.
2025 წლის III კვარტალში რკინიგზით შემოტანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 32.0%-ის გამომგზავნ ქვეყანას აზერბაიჯანი წარმოადგენდა, 29.1%-ის გამომგზავნს — რუსეთის ფედერაცია, თითოეული დანარჩენი გამომგზავნი ქვეყნების წილი კი 10-10%-ზე ნაკლები იყო (ჯამურად 38.9 პროცენტი).
2025 წლის III კვარტალში რკინიგზით გატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 22.1%-ის დანიშნულების ქვეყანას სომხეთი წარმოადგენდა, 11.6%-ისას — ყაზახეთი, 6.3%-ისას — რუსეთის ფედერაცია, ტვირთის მიმღები თითოეული დანარჩენი ქვეყნების წილი კი შედარებით ნაკლები იყო (ჯამურად 60.0%).
2025 წლის III კვარტალში ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის განაწილება დანიშნულების ქვეყნის მიხედვით შემდეგნაირი იყო: 16.2% — ნიდერლანდები, 10.0% — თურქეთი, 7.2% — ჩინეთი, 2.9% — იტალია, 2.4% — უკრაინა, 0.7% — რუმინეთი, დანარჩენი კი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა. ამავე პერიოდში, ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 9.2%-ის გამომგზავნ ქვეყანას ბრაზილია წარმოადგენდა, 2.6%-ისას — თურქეთი, ხოლო დანარჩენი სხვა ქვეყნებზე მოდიოდა.
საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 37.7% მოდიოდა კოქსისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე; 20.6% — ქიმიკატების, ქიმიური პროდუქტების და ხელოვნური ბოჭკოების; რეზინის და პლასტმასის პროდუქტების სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.6% — ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე.
2025 წლის III კვარტალში სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განაწილება განსხვავებული იყო ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში და 59.8% ლითონის მადანსა და სხვა სამთო და კარიერულ პროდუქტებზე მოდიოდა, 20.2% ეჭირა კოქსსა და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებს, ხოლო 9.0% — სატრანსპორტო აღჭურვილობის სასაქონლო ჯგუფს.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, საანგარიშო პერიოდში რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (47.7%), სხვა მინერალური პროდუქტები (18.9%), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (14.5%), სოფლის მეურნეობის, ნადირობისა და მეტყევეობის პროდუქტები (3.8%), ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (3.5%), ძირითადი ლითონები (3.2%) და ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (2.9%); ხოლო გატანილია ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (25.3%), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (24.9%), ძირითადი ლითონები (16.1%) და ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები (13.6%).
2025 წლის III კვარტალში ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 84.9% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდიოდა, კერძოდ: კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები (40.9%), ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები (31.1 %), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (12.9%)