logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ფასების ინდექსაცია კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში ჩართულობის ზრდას უზრუნველყოფს"

გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში

სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე სამშენებლო კომპანიები,  ინდექსაციის მექანიზმის  ამოქმედებას ითხოვენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა დააკომპენსიროს სამშენებლო მასალების გაძვირება და  პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაზარდოს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში კვლევა  ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ აღნიშნული მექანიზმის გამოყენება ევროპაში, როგორც გრძელვადიან სახელმწიფო პროექტებში ხდება, ასევე ფასთა ინდექსაციის მუხლი ჩადებულია სულ მცირე 3 თვის ხანგრძლივობის პროექტებშიც.

როგორც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანა საბახტარიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნირთან" განაცხადა, კვლევა ორ საკითხს მოიცავდა. პირველი ინდექსაციის საკითხი იყო, ხოლო მეორე, ხარჯთაღრიცხვიანობის თანამედროვე სტანდარტის დაგეგმვა.

მისივე ინფორმაციით, შესყიდვების სისტემა ევროდირექტივას დაუახლოვდა და თანმდევი ნორმატიული აქტები სულ მალე იქნება მიღებული. ასევე, სამშენებლო სტანდარტების რეფორმაც მიმდინარეობს. ხოლო, ხარჯთაღრიცხვების შედგენა ქვეყანაში გამოწვევად რჩებოდა.

საბახტარიშვილის ცნობით, ამ დრომდე, ქვეყანა ხარჯთაღრიცხვის წარმოებას საბჭოური მეთოდით ახდენს. არსებულ ხარჯთაღრიცხვის სისტემის პირობებში, ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, აუდიტი, შემმოწმებელი ორგანო თუ სხვა, არასაბაზრო ფასს ეყრდნობა, რომელიც რეალობას არ შეესაბამება.

"კვლევა დავიწყეთ, თუ როგორ გადავიდეთ სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ახალ სტანდარტებზე და რომელ სტანდარტს უნდა დაუახლოვდეს. ევროპაში არსებული პრაქტიკის მიხედვით, კონკურენციის პრინციპით, რამდენიმე ორგანიზაცია საბაზრო ფასს გამოსცემს. შესაბამისად, ისინი ერთმანეთს ხარისხით ეჯიბრებიან. შემდეგ, ისინი ბიზნესებს თუ სახელმწიფო უწყებებს უტყუარ ფასს აწვდიან, რის საფუძველზეც ხარჯთაღრიცხვები დგება. 

შესაბამისად, ჩვენი მიზანია, შესაბამისი რეკომენდაციების ჩამოყალიბება, რომლითაც ამ თემაზე სახელმწიფოსთან ადვოკატირება მოხდება,"-აცხადებს საბახტარიშვილი.

რაც შეეხება ფასების ინდექსაციას, მისი კონტრაქტებში დამატება პროექტების შესრულების დამატებითი გარანტი, ორმაგი რისკების დაზღვევა და ფასების გაძვირებისაგან თავდაცვა იქნება. აღნიშნული კი, კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში ჩართულობის ზრდას უზრუნველყოფს.

ასევე, ფასების კლების შემთხვევაში, სახელმწიფოს კომპანიისთვის  უფრო ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს, რაც რესურსების გონივრულ ხარჯვას განაპირობებს.

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, გასულ წელს ქვეყანაში ინდექსაცია ერთჯერადად იყო ამოქმედებული, რომელიც ბიზნეს ასოციაციისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ლობირებით განხორციელდა. კომპანიებმა, რომლებიც პროექტებს ინდექსაციის პირობებში ახორციელებდნენ, კონტრაქტები არ გაფუჭდათ. შედეგად, კომპანიებმა კრიზისულ სიტუაციებში, როგორიცაა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, პროექტების დასრულება და ახალ პროექტებზე საუბარი შეძლეს.

გამოგვყევით