logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ლაშა რიჟამაძე: ფასის შემცირება შესაძლებელია თუ იმ რეგულაციის ფარგლებში, რომლის მოლოდინიც გვაქვს, მოხდება მთელი რიგი გადასახადების შემცირება ან აკრძალვა

"ფასის შემცირება მიმწოდებლის ანუ დისტრიბუტორის და მწარმოებლის მხრიდან შესაძლებელია თუ იმ რეგულაციის ფარგლებში, რომლის მოლოდინიც გვაქვს და ვითხოვთ, მოხდება მთელი რიგი გადასახადების შემცირება იქნება ეს თუ აკრძალვა“, - ამის შესახებ საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლაშა რიჟამაძემ  „ბიზნესპარტნიორის“  ღამის  ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საბოლოოდ მათ მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვებათ.

"შეგვიძლია ჩვენ ავიღოთ გადახდის ვადების საკითხი, სადაც დაწესებულია საზღვარგარეთის პრაქტიკა, რომელიც ამბობს, რომ ამ ვადაზე მეტი არ შეიძლება იქნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული. და ჩვენთან, როდესაც ვსაუბრობთ, რომ პურის მწარმოებელმა შეიძლება 75-ე დღეს მიიღოს დღეს შეტანილი პროდუქციის საფასური, რეალურად ეს მძიმე ფინანსური ტვირთია - ძალიან დიდი საბრუნავი საშუალებების აუცილებლობის წინაშე დგება და ეს დამატებით საბანკო პროდუქტით სარგებლობის აუცილებლობას აჩენს.

პრობლემურია საპარკინგე ჯარიმებიც, რომელიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. ასევე, ჩვენ ვითხოვდით და დღესაც ვითხოვთ, რომ როდესაც 2-3 პროცენტიანი ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს მხოლოდ იმან, რომ სურსათის მანქანას არ აქვს შესაძლებლობა პროდუქცია მიაწოდოს დილის საათებში, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების  მიღების დროს გათვალისწინებული იყოს პირველ რიგში მომხმარებელი, რომელიც ამ გზით მნიშვნელოვან ფასწარმოქმნას იღებს. ვფიქრობ, რომ ამ კუთხითაც კარგი იქნება თუ შესაბამისი კომისია მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას“, განაცხადა ლაშა რიჟამაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით  შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია,  რომელსაც  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.  პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი,  კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ"  შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. 

გამოგვყევით