logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი კონკურენტუნარიანია და ძირითადი მოთამაშეები ერთმანეთში არაფერზე თანხმდებიან"

ჩემი მოსაზრებაა, რომ ძირითადი მოთამაშეები ერთმანეთში არაფერზე თანხმდებიან და ვერც შეთანხმდებიან, რადგან ეს არის უდიდესი კონკურენცია, -  ამის შემდეგ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა  ირაკლი მარგველაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში ფარმაცევტულ სექტორში სავარაუდო კარტერული შეთანხმებების შესახებ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ბაზარი არსებულ რეალობაში საინტერესო და ძალიან მაღალ კონკურენტუნარიანია. 

"25 წელია, რაც ამ სფეროში ვმოღვაწეობ და კარტერულ შეთანხმებას მე ვერ ვხედავ. მე არავითარ შემთხვევაში არ შევალ კონკურენციის სააგენტოს კომპეტენციაში. რაღაც შემთხვევებში დადგენილი იყო დარღვევები და ალბათ, ეს ასეა, სასამართლო გვაჩვენებს. მე ვერ ვხედავ ამის ზემოქმედებას - პირიქით ერთმანეთს ეჯიბრებიან როგორ შედარებით ნაკლებ ფასად დაწიონ ", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით  შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია,  რომელსაც  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.  პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი,  კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ"  შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. 

გამოგვყევით