logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"ფორუმზე ყველა ვთანხმდებოდით, რომ ენერგეტიკა რაც შეიძლება მწვანედ უნდა განვითარდეს"- მარიტა არაბიძე

საქართველომ აზიის განვითარების ბანკისა და Carec-ის (Central Asia Regional Economic Cooperation) ხელშეწყობით გამართულ, რიგით 22-ე  მინისტერიალს უმასპინძლა.

როგორც  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი, მარიტა არაბიძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" აცხადებს, ფორუმზე ორი დღის განმავლობაში განხილული იყო კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ნაბიჯები, სტრატეგიული მიზნები და გეგმები.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო და ბანკებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებს, საინვესტიციო პროექტების ხელშემწყობი ორგანიზაციებსა და ა.შ აერთიანებდა.

"ფორუმის ფარგლებში ყველა ვთანხმდებოდით, რომ ენერგეტიკა რაც შეიძლება მწვანედ უნდა განვითარდეს, რაზეც განსაკუთრებულად იყო ყურადღება გამახვილებული. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში მწვანე წყალბადი და ზოგადად წყალბადის შესწავლა იყო განხილული. 

ამჟამად წყალბადის შესწავლის ეტაპზე ვართ, თუ სად ექნება მწვანე წყალბადს პოტენციალი და როგორ შეიძლება განვითარდეს. ამ კითხვებზე პასუხიც მომავალი წლის ბოლოს გვეცოდინება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თავის პოლიტიკის დოკუმენტში, რომელიც სულ მალე დამტკიცდება, ამბობს რომ განახლებადი ენერგიების მაქსიმალურად ათვისება და შემდგომ გამოყენება არის პრიორიტეტი, რაც შემდგომში მწვანე ენერგიის განვითარებას ხელს შეუწყობს ,"- აცხადებს არაბიძე.

მისი ცნობით, ქვეყანას 2030 წლისთვის სამიზნე მაჩვენებლები აქვს აღებული, მათ შორის განახლებადი ენერგიების მიმართულებითაც.

აღსანიშნავია, რომ განახლებადი ენერგეტიკის წილი, ენერგეტიკულ ბალანსზე 27.4% -ს შეადგენს, ხოლო დღეს დაახლოებით 18-20%-ის ფარგლებში მერყეობს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსი ვარაუდობს, რომ 2030 წლისთვის, განახლებადი ენერგიების კუთხით მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განხორციელდეს.

გამოგვყევით