logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"კვლევის ფაზაში, ენერგეტიკული პროექტის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება, დარგს წაახალისებს" - ჯუბო ტურაშვილი

კვლევის ფაზაში, ენერგეტიკული პროექტის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან გათავისუფლება, დარგს წაახალისებს და გააჯანსაღებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა ჯუბო ტურაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტორებისთვის ახალი შეღავათი ამოქმედებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს დღეის მდგომარეობით არ აქვს ის ფუფუნება, რომ რაიმე თვალსაზრისით საპროექტო შესაძლებლობები და ინვესტორები შეზღუდოს. ჯუბო ტურაშვილის ინფორმაციით, მთავრობის მიზანი მაქსიმალურად მოქნილი სივრცის შექმნაა.

"საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ მუდმივად გაუძლოს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ენერგეტიკული სექტორი დგას. ჩვენ აქტიური კოორდინაცია გვაქვს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ბიზნეს საზოგადოებასთან. შესაბამისად, ვითავისებთ მათ გამოწვევებს და ვცდილობთ, რომ ეტაპობრივად უზრუნველვყოთ ყველა იმ საჭიროების აღმოფხვრა, რომელიც საინვესტიციო გარემოს აქვს. 

მოგეხსენებათ, რომ ქარისა და მზის პროექტები უკვე იყვნენ გათავისუფლებულები საპროექტო-საბანკო გარანტიისგან. მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ იდენტიფიცირდეს ენერგეტიკული რესურსები და მეტად შეეწყოს ხელი ენერგეტიკულ სექტორს გაჯანსაღებისთვის და მაქსიმალურად მეტი სადგური იყოს შემდგომში აშენებული. საქართველოს მთავრობამ მიიღო კიდევ ერთი წამახალისებელი გადაწყვეტილება, რომლითაც 100 მეგავატ და მეტ ჯამური დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ კვლევის ეტაპზე საბანკო გარანტიის წარმოდგენისგან გათავისუფლდნენ", - აცხადებს ჯუბო ტურაშვილი. 

ცნობისთვის, ოქტომბრის თვეში, განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების ინვესტორებისთვის ახალი შეღავათი ამოქმედდა. ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნული დადგენილებით,  მშენებლები, რომლებსაც ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება ფორმდება, გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. ცვლილება ეხება ქარის და მზის სადგურებს და ასევე იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთა დადგმული სიმძლავრე 100 მეგავატს აღემატება.

გამოგვყევით