აშშ-ში შეხვედრებზე ყველა აცხადებდა, რომ საქართველოსთან მიმართებით კითხვა არ დგას, ეკონომიკა ძალიან საიმედო მდგომარეობაშია და ჩვენი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძალიან ჯანსაღია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულში იგულისხმება მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიზნობრივთან ახლო ინფლაცია, სტაბილური სავალუტო ბაზარი, ძლიერი შემოდინებები ექსპორტის, ტურიზმის, ინვესტიციების და გზავნილების არხით და ასევე, გაუმჯობესებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი.
"ეს არის ის, რაც აძლიერებს ჩვენს ეკონომიკას და მას მიმზიდველს ხდის. ასევე, ფინანსური სტაბილურობა საბანკო სექტორშიც მნიშვნელოვანია. ასევე, სავალუტო ფონდის მხრიდან აღინიშნა ჩვენი მონეტარული პოლიტიკის და ფისკალური პოლიტიკის მაღალი ხარისხი", - აცხადებს ნათია თურნავა.
მანვე აღნიშნა, რომ დღეს ქართულ მხარეს ინვესტორებთან ბევრი განმარტება აღარ უწევს და მათი ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ მაღალია.
"ჩვენ ამ წლების განმავლობაში ნათელი სურათი შეგვექმნა საქართველოს ეკონომიკის სანდოობის თვალსაზრისით და მართლაც დავაჯერეთ ამაში ინვესტორები. სულ რამდენიმე ხნის წინ ფინანსთა სამინისტრომ ჩვენი ჩართულობით, საერთაშორისო ბაზარზე განათავსა სახაზინო ობლიგაციები - აქ ვლინდება რამდენად ენდობიან ინვესტორები ქვეყანას და მის ეკონომიკურ პოლიტიკას. შეთავაზება გაკეთებული იყო 500 მლნ დოლარის ოდენობით და ვაჭრობის დროს ინვესტორების მხრიდან მზად ყოფნა გამოთქმული იყო 2.8 მლრდ დოლარის განთავსების მხრივ. სწორედ ეს არის შეფასება", - აცხადებს ნათია თურნავამ.