logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ინვესტორები, როდესაც კონფლიქტები მატულობს საქართველოსნაირ მშვიდ და სტაბილურ ეკონომიკებს ეძებენ" - ნათია თურნავა

ინვესტორები ხედავენ, რომ საქართველოს ეკონომიკა მედეგია და სწორედ ასეთ დროს, როდესაც კონფლიქტები მატულობს საქართველოსნაირ მშვიდ და სტაბილურ ეკონომიკებს ეძებენ, რადგან ფული ჩადონ და ინვესტიცია განათავსონ. შეიძლება კონფლიქტების ფონზე საქართველოს მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა, რითაც ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენა შეაფასა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც კონფლიქტის გამო საქართველოს შეეხება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაზრდილი ფასებია, რაზედაც გამოთქვამს იმედს, რომ ბაზარი მალე დასტაბილურდება. 

"შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური ვითარება და ახლად წარმოქმნილი კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში იყო ერთ-ერთი საუბრის თემა აშშ-ში შეხვედრებზე, რადგან ამ დროს ხდება ქვეყნის ეკონომიკის გამოცდა თუ რამდენად მედეგია ის. რა თქმა უნდა, ჩვენ გაგვიმართლა, რომ ახლოს არ ვართ კონფლიქტის კერასთან, მაგრამ ვინაიდან ვიმყოფებით შუა დერეფანში, ვართ მცირე და ღია ტიპის ეკონომიკა გარკვეული გავლენა ამ ახალ გამოწვევას ჩვენზეც ექნება. თუმცა პირიქით გამოჩნდა, რომ ეს გავლენები საკმაოდ კარგად არის ნეიტრალიზებული ჩვენი მაკროეკონომიკური სიძლიერით და მედეგობით. ჩვენ არ გვაქვს მაღალი სავაჭრო ბრუნვა ამ რეგიონთან და იქიდან არ ვმარაგდებით ნავთობპროდუქტებით და რაც შეეხება ფიზიკურ შეფერხებას, რაც ძალიან მტკივნეულად იგრძნო ბევრმა ქვეყანამ - ჩვენ ეს არ გვეხება. თუმცა ის მომენტი, რომ გარკვეული პერიოდი ფრენები შეჩერდა, საომარი მოქმედებები იყო და ტურისტები ვერ შემოვიდნენ რაღაც ეტაპზე - ამან ნეგატიური გავლენა იქონია ჩვენზეც, მაგრამ დროში ეს საკმაოდ ლიმიტირებული იქნება, რადგან როგორც კი შეწყდება კონფლიქტი და როგორც კი პირველი შესაძლებლობა გაჩნდება ტურისტული ნაკადები ისევ აღდგება. 

რაც ნამდვილად შეგვეხება ეს არის მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასები. მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ჩვენ არ ვმარაგდებით რეგიონიდან - ფასები მიბმულია მსოფლიო ფასებზე. გარკვეული გავლენა ამან უკვე იქონია და მარტში (ფასებს) დაეტყო. ვინაიდან ეს არის მთლიანად მსოფლიოს თავის ტკივილი საბოლოო ჯამში გამოინახება შესაძლებლობა, რომ მალე დაბალანსდეს ვითარება, მწვავე ფაზა მოიხსნას და დასტაბილურდეს გარე ბაზრები", - აცხადებს ნათია თურნავა.

გამოგვყევით