logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"თუკი რომელიმე გლობალური რისკი მატერიალიზდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გამკაცრებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ" - ნათია თურნავა

ყოველთვის ვამბობდით, რომ თუ ინფლაცია ქვევით წამოვიდოდა, მზად ვიყავით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-დან გვემოძრავა 7%-ის მიმართულებით, თუმცა იმასაც ვამბობდით, რომ თუკი რომელიმე გლობალური რისკი მატერიალიზდა, ჩვენ ასევე, გამკაცრებისთვისაც მზად უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.

მისივე შეფასებით, თუნდაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკა და ინფლაციური რისკები წლევანდელ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს შეცვლის.

"მარტივი რა თქმა უნდა, არაფერია, რადგან ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობა გვაქვს - ეს არის გაზრდილი მერყეობა მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე, ჩვენ ვართ იმპორტიორი ქვეყანა და ამ კუთხით ველოდებით გარკვეულ გამოწვევებს და ინფლაციურ წნეხს. თუმცა კარგი არის ის, რომ ჩვენ დღემდე მაინც შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გვაქვს შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ დაბალინფლაციური პერიოდებიც გვქონდა, მაგრამ თეორიულ პოტენციურ რისკებს ვხედავდით და მატერიალიზდა კიდეც - მათ შორის, რეგიონალური რისკები. ჩვენ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 8%-ზე ვინარჩუნებთ, როდესაც დღეს ქვეყნის ნეიტრალური განაკვეთი არის 7%-ი. ჩვენი მთავარი ამოცანაა საშუალო ვადაში შევინარჩუნოთ ფასების სტაბილურობა და ინფლაცია მიზნობრივისკენ ისწრაფოდეს. წინასწარ თქმა ძალიან რთულია, რადგან ყოველდღიურად იცვლება გლობალური სიტუაცია. ყველა გლობალური ბანკის მზერა მიმართულია ჰორმუზის სრუტისკენ.  დავაკვირდებით როგორი სიტუაცია იქნება და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერი ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ღრმა მსჯელობის, ანალიზისა და გათვლების შედეგად მიღებული და მიმართული იქნება ფასების სტაბილურობის განმტკიცების კუთხით", - აცხადებს ნათია თურნავა. 

გამოგვყევით