Trump Tower Tbilisi მნიშვნელოვანი სიახლეა ქვეყნის ეკონომიკისთვის და ჩვენი სექტორისთვის, - ამის შესახებ "არქის" დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილია წულაიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, რეგიონში ასეთი პროექტი არ განხორციელებულა და საქართველო არის პირველი.
"ამ პროექტზე საკმაოდ დიდი ხანი ვმუშაობდით და ბევრი შეხვედრა გვქონდა. საბოლოო ჯამში მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი წარმატებით დავასრულეთ და საბოლოო კონტრაქტი გავაფორმეთ. პროექტის განხორციელებაში ჩართულია მსოფლიოში ყველაზე დიდი და ავტორიტეტული არქიტექტურული კომპანია Gensler-ი და თბილისში რაღაც განსაკუთრებული შეიქმნება.
საუბარია დაახლოებით, 2 მლრდ დოლარამდე ინვესტიციამდე, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ Trump Tower-ს, არამედ მიმდებარე ტერიტორიის განვითარებასაც, რომელიც ახალი დანიშნულება იქნება თბილისისთვის. მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება რესტორნები, კაფეები, მაღალი დონის მაღაზიები, საოფისე კომპლექსი და სასტუმროები. ძალიან ბევრი პოზიტიური ამბავი მოჰყვება ამ პროექტის მშენებლობას. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე მსოფლიო ბრენდთან როგორც სასტუმრო მიმართულებით, ისე სარესტორნე მიმართულებით და ზოგთან კონტრაქტიც კი გვაქვს უკვე გაფორმებული. ამ ყველაფერს ეტაპობრივად დავაანონსებთ. რეგიონის მასშტაბით ყველაზე მაგარი და მიმზიდველი უბანი გაკეთდება, რომელიც დანიშნულების ადგილი იქნება როგორც უცხოელებისთვის, ისე ქართველებისთვის.
გვიხარია, რომ ამ პროექტს ჩვენ ვახორციელებთ პარტნიორებთან ერთად. Trump Tower Tbilisi არის მესიჯი რეგიონისთვის და მსოფლიოსთვის, რომ საქართველო არის ძალიან ყურადღებით შერჩეული ადგილი, რომელსაც Trump ორგანიზაცია ირჩევს. ქვეყნების და ქალაქების არჩევა ძალიან დიდი სიფრთხილის ფონზე ხდება, - აცხადებს ილია წულაია.
Trump organization-მა ახალი პროექტის, Trump Tower Tbilisi-ს შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მსოფლიოს უდიდესი არქიტექტურული კომპანიის, Gensler-ის მიერ დაპროექტებული Trump Tower Tbilisi დაახლოებით 70-სართულიანი იქნება და საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა გახდება.