ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ შუა დერეფანი და საქართველო ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მარშრუტია, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს შუა დერეფანში არსებული სხვა ქვეყნებისგან განვითარებული ინფრასტრუქტურა გამოარჩევს.
"საქართველო განსაკუთრებით როლს ასრულებს და შეასრულებს შუა დერეფანში - როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ჰაბი. ბევრი ქვეყანა ამაში რწმუნდება, მათ შორის, დასავლური, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან ცენტრალურ ადგილს იკავებს ამ თვალსაზრისით და შუა დერეფანი არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და საიმედო გზა და საქართველო არის მის ცენტრში. ჩრდილოეთის მარშრუტი შეზღუდულია სანქციების გამო, რომელიც რუსეთს დაუწესდა, სამხრეთის მარშრუტიც არ არის უსაფრთხო, ამას დაემატა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი და ყველა კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ შუა დერეფანი და საქართველო ცენტრში ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მარშრუტია.
გარდა ამისა, ამ დერეფანში რაც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას - ეს არის განვითარებული ინფრასტრუქტურა იქნება ეს პორტები, სახმელეთო ავტობანები, თუ მოდერნიზებული რკინიგზა. გარდა ამისა, გვაქვს საინტერესო მიმდინარე პროექტები, მათ შორის, ანაკლიის პორტი,ახალი აეროპორტის პროექტი და აქედან გამომდინარე, როდესაც მთავრობა ამხელა ინვესტიციას დებს ინფრასტრუქტურის განვითარებაში - ესეც დადებითად შეფასება ინვესტორების მხრიდან", - აცხადებს ნათია თურნავა.