logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

ირაკლი თუთარაშვილი: გვსურს, ანგარიშგების გამჭვირვალობის თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, ირაკლი თუთარაშვილის განცხადებით, „საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდოს“ (BARTA) კონკურსი საკმაოდ პრესტიჟულია.

როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში აღნიშნა, როდესაც ორგანიზაცია ამ ჯილდოს მიიღებს, მას შეუძლია, ამით ინვესტორებისა და დაინტერესებული მხარეების წინაშე თავი მოიწონოს.

„მთავარი ღირებულება ის არის, რომ გვსურს, ანგარიშგების გამჭვირვალობის თვალსაზრისით საუკეთესო პრაქტიკა დავნერგოთ. ამ კონკურსს დამარცხებული არ ჰყავს: არ აქვს მნიშვნელობა, გაიმარჯვებ თუ არა — მთავარია, მონაწილეობა მიიღო და შენი ანგარიშგება შეფასდეს. BARTA-ს საკმაოდ კვალიფიციური ჟიური ჰყავს, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ექსპერტებით. გამარჯვება აღიარებაა, თუმცა მონაწილეობითაც იგებ — გაიგებ, სად არის შენი კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, რომელთა გამოსწორებასაც მომდევნო წლებში შეძლებ და BARTA-ს მომდევნო კონკურსში გამარჯვებისთვის იბრძოლებ “, - განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, კომპანიებში წლიდან წლამდე ანგარიშგების ხარისხი იზრდება, რასაც ჟიური შესაბამისი ქულათა სისტემით აფასებს.

„არსებულ კომპანიებში შეფასების ქულები ყოველწლიურად უმჯობესდება. ვიმედოვნებთ, კონკურსს ახალი მონაწილეებიც შეემატებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე გვეყოლება დებიუტანტიც, რომელიც პირველივე წელს საკმაოდ ხარისხიან ანგარიშგებას წარადგენს“, — განაცხადა ირაკლი თუთარაშვილმა.

შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. BARTA 2026-ს მხარს უჭერს მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონული პროგრამა, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.

გამოგვყევით