logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა ₾21 მლრდ-მდე გაიზრდება" - ლევან თოდუა

2027 წლის პირველი იანვრიდან დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა 21 მლრდ ლარამდე გაიზრდება.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბანკებსა და მიკრობანკებში განთავსებული 16 მილიარდი ლარის ანაბრებია დაზღვეული. დაზღვევის ლიმიტის 100 000 ლარამდე ზრდის ფონზე კი ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან თოდუამ  "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, 100 000 ლარიანი ზღვარი 50 000-ზე მეტ დეპოზიტარს შეეხება.

"ამჟამად 77 მლრდ-მდე დეპოზიტებია საბანკო სისტემაში. აქედან 39 მლრდ-ია ფიზიკური პირების, 38 მილიარდს გადასცდა იურიდიული პირების ანაბრები.  ჩვენ გადავწყვიტეთ უფრო ფართო მოცულობა დაგვეზღვია. ზღვრის გაზრდა ასი ათას ლარამდე,  მაინც მოგვიწევდა ადრე თუ გვიან. იქიდან გამომდინარე, რომ საბანკო სისტემა დღეს არის ძალიან მდგრადი, სწორედ ასეთ დროს უნდა მოხდეს დეპოზიტების დაზღვევის სისტემის გაძლიერება და ჩვენი  ფონდის ზრდაც,"- განმარტა ლევან თოდუამ. 

რაც შეეხება, საფინანსო სექტორის ყოველთვიურ შენატანებს. მისივე ინფორმაციით,  ბანკებსა და მიკრობანკებს დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში ყოველთვიურად საშუალოდ 10 მლნ ლარის გადახდა მოუწევთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი სავალდებულო  შენატანები საშუალოდ 40%-ით გაიზრდება.  

ცნობისთვის, დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება. ცვლილება ძალაში 2027 წლის იანვრიდან შევა. დღეისათვის იურიდიული და ფიზიკური დეპოზიტების დაზღვევის ზედა ჭერი 50 000 ლარითაა განსაზღვრული.

გამოგვყევით