საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნინო ჯელაძე მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერ ფინტექ კომპანია Ant International-ის უფროს ვიცე პრეზიდენტს, ლეიმინგ ჩენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრა სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრისას მხარეებმა საგადახდო სისტემების ურთიერთდაკავშირებადობისა და QR კოდით გადახდის განვითარების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
"Ant International ტრანსსასაზღვრო და QR კოდებით გადახდებში სპეციალიზდება, მართავს გლობალურ გადახდის პლატფორმებს Alipay+ და ციფრული საფულეების ეკოსისტემას აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ლათინური ამერიკის მასშტაბით.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალის ფარგლებში სებ-ის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ სხვადასხვა ცენტრალური ბანკისა თუ საზედამხედველო სტრუქტურის წარმომადგენლებს, მათ შორის გერმანიის ფინანსურ ფედერალურ სამსახურს - BaFin, ესპანეთის ფასიანი ქაღალდების ეროვნულ კომისიას, ომანის ცენტრალურ ბანკს, ბრიტანეთის კოლუმბიის (კანადა) ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისიას - BCSC, ჩეხეთის რეგულირების სენდბოქსს და სხვა.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. ეს არის საერთაშორისო პლატფორმა, სადაც მრავალდიაპაზონიანი დისკუსიები ქმნის საფუძველს მომავალი ათწლეულის ფინანსური და მონეტარული სისტემის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.