საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას ინფორმაციით, მყისიერი გადახდების სისტემა წლის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მქონე ქვეყანა იქნება.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ეკატერინე გალდავა აღნიშნავს, სისტემის სრულად ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვების, ჩარიცხვებისა და თანხის დაბრუნების ოპერაციების მყისიერად განხორციელება.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ახალი ინფრასტრუქტურა კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს ბიზნესპროცესების უფრო ეფექტიანად დაგეგმვაში დაეხმარება და ფინანსურ ინკლუზიურობასაც გააძლიერებს.
"პროექტის დასრულებას წლის ბოლოსთვის ვგეგმავთ. პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენი სისტემები სრულად ავაშენოთ და მიმდინარე პროექტები დავასრულოთ, რადგან არაერთი მნიშვნელოვანი მიზანი გვაქვს და ვცდილობთ, ეს ყველაფერი, ერთ ან ორ წელიწადში განხორციელდეს. სანამ სისტემები სრულად მზად არ იქნება, საერთაშორისო სისტემებთან მიერთებაზე ვერ ვისაუბრებთ. თუმცა, როდესაც პროექტი დასრულდება, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ რეგიონში ერთ-ერთი პირველი და ყველაზე სრულყოფილი სისტემა გვექნება. მსგავსი მასშტაბისა და შესაძლებლობების ინფრასტრუქტურა, სავარაუდოდ, არც რეგიონში და არც ცენტრალურ აზიაში არსებობს. პროექტი მნიშვნელოვანი იქნება როგორც ფინანსური სტაბილურობის, ისე ფინანსური ინკლუზიურობის მიმართულებით. მყისიერი გადახდა საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მოძრაობას გააუმჯობესებს, კომერციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს კი მეტ შესაძლებლობას მისცემს, რადგან ოპერაციები სწრაფად და მყისიერად განხორციელდება, რაც მათ ბიზნესის უკეთ დაგეგმვაში დაეხმარება", - აცხადებს ეკატერინე გალდავა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ახალ სისტემაზე დეტალურად საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხმარებლებს ანგარიშიდან ანგარიშზე ოპერაციების სწრაფად და გამარტივებულად განხორციელება შეეძლებათ.
"პროექტი ადვილი ნამდვილად არ არის, თუმცა ძალიან ახლო მომავალში ახალ პროექტებზე გადავალთ. აღნიშნული პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მოსახლეობას გადარიცხვების შესრულებას მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ფინანსური სტაბილურობის კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ ტოკენიზირებული გადახდები (უსაფრთხოების ტექნოლოგია, რომელიც საბანკო ბარათის 16-ნიშნა მონაცემების ნაცვლად უნიკალურ ციფრულ კოდს (ტოკენს) იყენებს) ხშირად მხოლოდ ტელეფონებთან და საბარათე სქემებთან ასოცირდება. თუმცა, როდესაც მყისიერ გადახდებზე ვსაუბრობთ, საქმე სხვა ტიპის ოპერაციებთან გვაქვს — ეს არის ანგარიშიდან ანგარიშზე თანხის გადარიცხვები, ჩარიცხვები და თანხის დაბრუნებები. დღეს მომხმარებლები ძირითადად საბარათე ანგარიშებზე არიან ორიენტირებული და ხშირად გვგონია, რომ ბარათი ყველაფერია, თუმცა მის უკან მრავალი სხვა სერვისი დგას, რომლითაც მომავალში უფრო აქტიურად შევძლებთ სარგებლობას", - აცხადებს ეკატერინე გალდავა.
ცნობისთვის,საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მიერ მყისიერად გადახდის სისტემების (IPS) დანერგვას რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი პერიოდი, საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა და საკანონმდებლო რეფორმები უძღოდა წინ.