logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"საპროცენტო განაკვეთის ზრდას, სრულად ვერ გავანეიტრალებთ"- დავით უტიაშვილი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კომერციულ ბანკებს კონტრციკლური ბუფერის დაგროვების ვადა ეტაპობრივად განუსაზღვრა, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი 25%-იდან 20%-მდე შეამცირა.

როგორც ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა მონეტარული პოლიტიკა გლობალურად გამკაცრებულია და წამყვანი, ცენტრალური ბანკების მიერ 4-5%-ით არის გაზრდილი, რაც საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება.

მისივე ცნობით, საქართველოზე გავლენა შეინიშნება უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე, რომელიც 2-2.5%-ითაა გაძვირებული. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების თანახმად, დამატებითი გამკაცრებები შენელდა.

"მომავალი წლის მარტიდან, კონტრციკლური ბუფერის 0.25% დაიწყება, ხოლო დანარჩენი 0.75% კომერციულმა ბანკებმა 3 წლის განმავლობაში უნდა დააგროვონ. 1 პროცენტული პუნქტი 500 მლნ ლარს გულისხმობს, ანუ 0.75% 375 მლნ ლარი იქნება, რასაც ბანკები ეტაპობრივად დააგროვებენ.

ჩვენ, ჩვენი ორი ინსტრუმენტების (კონტრციკლური ბუფერი და სარეზერვო მოთხოვნები) ფარგლებში ვმოქმედებთ, რათა ბანკებს გარკვეული მოქნილობა მივცეთ. თუმცა, საპროცენტო განაკვეთის მაღალ ზრდას, სრულად ვერ გავანეიტრალებთ,"- აცხადებს უტიაშვილი.

მისი ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები პირდაპირ გავლენას საბანკო სექტორზე ახდენს, თუმცა საბანკო სექტორის მოქნილობა საბოლოო მომხმარებელს გადაეცემა.

უტიაშვილის თქმით, გასული წლის მაისში ეროვნულმა ბანკმა დამატებითი რეგულაცია შემოიღო, რის თანახმადაც როდესაც ბანკი სესხს გასცემს, ცვლადი საპროცენტო განაკვეთის პლუს 3 პროცენტული პუნქტით ზრდა უნდა გაითვალისწინოს. აქედან გამომდინარე, მომხმარებლები გარკვეულწილად დაცულები არიან და თანხების გადახდას შეძლებენ.

ცნობისთვის, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის - 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის - 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის - 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის - 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირა.  ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 28 თებერვალს გაიმართება.

გამოგვყევით