logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

უნდა ველოდოთ თუ არა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებას?- დავით უტიაშვილის პასუხი

"ამ ეტაპზე ინფლაცია 1%-ზე ნაკლებია და ჩვენი ვარაუდით, ამ ნიშნულზე შეიძლება დარჩეს. ამ პირობებში კი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10%-ზეა დაწესებული, რაც რეგიონში ყველაზე მკაცრ პოლიტიკად ითვლება,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით უტიაშვილმა განუცხადა.

მისი ვარაუდით,  სხვა თანაბარ პირობებში საპროცენტო განაკვეთის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც სავარაუდოდ მომდევნო თვეებში უნდა მოხდეს.  შემცირებები გაგრძელდება, თუმცა ფრთხილი ტემპით.

უტიაშვილი გლობალური  რისკების შესახებაც საუბრობს,  რომელსაც საქართველოს ეკონომიკაზე პირდაპირ ან ირიბად გავლენის მოხდენა შეუძლია.  მაგალითად, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტი, რომელსაც სასაქონლო ფასებზე გავლენის მოვლენა შეუძლია.

"საბანკო სექტორში ფინანსური მაჩვენებლების კუთხით, ეს იქნება კაპიტალიზაცია, ლიკვიდობა და ა.შ. ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს, რაც კი ბოლო ათწლეულების განმავლობაში გვქონია.

ძირითადი რისკები, ბოლო წლების განმავლობაში კოვიდსა და რეგიონში გეოპოლიტიკურ კონფლიქტს უკავშირდება, რაც შესაძლებელია, რომ ჩვენს ეკონომიკასაც გადმოეცეს. გარდა ამისა, არ ვიცით, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გლობალურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ჩვენი ეკონომიკა დიდად ინტეგრირებულია საერთაშორისო ბაზართან, შესაბამისად ეს პირდაპირ გავლენას ახდენს და ეს შოკები შეიძლება სწორედ აქედან მოდიოდეს,“-აცხადებს უტიაშვილი.

ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, საქართველოს ეკონომიკაზე ასევე გავლენის მოხდენა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებსაც შეუძლია.

ხოლო, მეორე მხრივ, გლობალურად მონეტარული პოლიტიკები შეიძლება კიდევ გამკაცრდეს, რაც უცხოური ვალუტის გაძვირებას ან სავალუტო რყევებს გამოიწვევს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10 პროცენტს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.

გამოგვყევით