მსოფლიოში პირველად, ხელოვნურმა ინტელექტმა ვაქცინის მთავარი კომპონენტი სრულად შექმნა, რომელიც ადამიანებზე უკვე წარმატებით გამოიცადა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ფუნდამენტურად ახალი პრეპარატი შეიმუშავეს, რომელსაც ვირუსების ფართო სპექტრის განადგურება და მომავალი პანდემიების პრევენცია შეუძლია.
ტრადიციული ვაქცინები ორგანიზმს კონკრეტული ინფექციის ამოცნობას ასწავლის, თუმცა ვირუსები სწრაფად მუტირებენ, რის გამოც პრეპარატები მალე ძველდება - სწორედ ამიტომ გრიპის ვაქცინები რეგულარულ განახლებას საჭიროებენ. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად, კემბრიჯის მეცნიერებმა ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა კორონავირუსის გენეტიკური კოდები გააანალიზებინეს. მიღებული მონაცემებით, AI-მ შექმნა ე.წ. „სუპერ-ანტიგენი“. ეს არის სპეციალური კომპონენტი, რომელიც იმუნურ სისტემას ვირუსების მთელი ოჯახის წინააღმდეგ ბრძოლას ასწავლის, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი მუტირებენ ან ცხოველიდან ადამიანზე გადავლენ.
პროექტი ამჟამად ადრეულ ეტაპზეა. პირველმა ფაზამ, რომელშიც 39 ადამიანი მონაწილეობდა, დაადასტურა, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. მომდევნო ეტაპზე კვლევაში უკვე 200 ადამიანი ჩაერთვება, რათა დადგინდეს, რამდენად ეფექტურად წვრთნის პლატფორმა იმუნიტეტს. მეცნიერებს მასშტაბური გეგმები აქვთ - ისინი უკვე ატარებენ ცდებს ცხოველებზე უნივერსალური სეზონური გრიპის, ფრინველის გრიპისა და ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინების შესაქმნელად.
სამეცნიერო წრეებსა და ბრიტანეთის მთავრობაში ამ მიღწევას მედიცინაში „თამაშის წესების შემცვლელად“ და გარდამტეხ ნახტომად აფასებენ. ექსპერტებისა და მკვლევრების განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებს აქვთ პოტენციალი, წინასწარ განსაზღვრონ იმუნური სისტემის რეაქცია, რაც ახალი მედიკამენტების შექმნას მკვეთრად დააჩქარებს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.