logo
Loading data...

2024-2025 წლებში ნელი, მაგრამ სტაბილური გლობალური ზრდაა მოსალოდნელი - IMF

2024-2025 წლებში ნელი, მაგრამ სტაბილური გლობალური ზრდაა მოსალოდნელი - IMF

1713358800

გლობალური ეკონომიკა კიდევ ერთი წელი ნელა, მაგრამ სტაბილურად გაიზრდება - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აცხადებს და განმარტავს, რომ მიზეზი მაღალი ინფლაცია, ჩინეთსა და ევროპაში სუსტი მოთხოვნა და ორი რეგიონული ომის შედეგად გამოწვეული წინააღმდეგობებია.

ორგანიზაციის პროგნოზით, გლობალური მშპ 2024 და 2025 წლებში 3.2%-ით გაიზრდება, იგივე ტემპით, რაც 2023 წელს იყო.

„ეს გონივრული მაჩვენებელია და არ არის ზედმეტად დამუხტული ისეთი ზრდით, რაც 2000-დან 2019 წლამდე გვქონდა. ეს იყო 3.8% და მართალია, ჩვენ გვსურს ამ მაჩვენებელზე დაბრუნება, მაგრამ, არსებული ვითარების გათვალისწინებით, 2.3% არ არის ცუდი. კიდევ ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ ინფლაცია იკლებს. ასე რომ, ჩვენ თანდათან ვუბრუნდებით ინფლაციის სამიზნე დონეს და მზარდ ტენდენციას უკან ვტოვებთ. ეს ორი კარგი ამბავია. არის მესამეც, რომელიც არის ის, რომ მსოფლიოს უმეტეს ადგილებში, ვხედავთ ნაკლებ პრობლემას, რაც ბოლო ოთხი წლის კრიზისებს, პანდემიასა და ცხოვრების ხარჯებს უკავშირდებოდა. ამ კრიზისებმა გლობალური ეკონომიკა პანდემიამდელი ტენდენციიდან ჩამოაგდეს, მაგრამ, ახლა ვხედავთ, რომ რამდენიმე რეგიონი წინსვლის გზაზეა და ერთგვარად, ეს უფსკრული იხურება.  ერთი ნაკლით - დაბალშემოსავლიანი და განვითარებადი ქვეყნებისთვის ვითარება ჯერ კიდევ რთულია“ - ამბობს მთავარი ეკონომისტი პიერ-ოლივიე გურინჩასი.

მისივე თქმით, ინფლაცია მცირდება, ხოლო შეერთებული შტატების ბოლო მონაცემები მძლავრ მოთხოვნას აჩვენებს.

”ზოგადი ტრაექტორია კვლავ რჩება ისეთი, სადაც ჩვენ ველით, რომ ინფლაცია შემცირდება წლის განმავლობაში და ფედერალურ სარეზერვო ბანკს ისეთ პოზიციაში ჩააყენებს, სადაც ის შეძლებს დაიწყოს პოლიტიკის განაკვეთების შემსუბუქება, თუმცა, შესაძლოა, არა ისე სწრაფად, როგორც ბაზრები ელოდნენ", - აცხადებს ეკონომისტი.

ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის „მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის“ „არასასურველი სცენარი“ ამბობს, რომ ნავთობის გლობალური ფასების 15%-იანი ზრდა ახლო აღმოსავლეთის გაფართოებული კონფლიქტის გამო, ასევე, წითელ ზღვაზე გართულებული ტრანსპორტირების გაზრდილი ხარჯები, სავარაუდოდ, გლობალურ ინფლაციას 0,7 პროცენტული პუნქტით გაზრდის. თუმცა, როგორც IMF განმარტავს, მსოფლიო ჯერ ამ სცენარში არ შესულა და ორგანიზაცია ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

ეკა გაზდელიანი

გადაცემები

info@bp.ge

+995595334912

გამოგვყევით