logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ბრიტანეთში მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდი შექმნეს

ბრიტანეთში მზის ენერგიაზე მომუშავე საჰაერო ხომალდი შექმნეს, რომელიც მსოფლიოს გარშემო პირველ უწყვეტ ფრენას ისახავს მიზნად.

ექსპერიმენტული საჰაერო ხომალდი დაფარულია მზის პანელებით და მისი მიზანია, მთელს მსოფლიოში შეუჩერებლად იფრინოს, თავისი გამომუშავებული ენერგიით წყალბადი წარმოქმნას და სიბნელეშიც შეძლოს მოძრაობის გაგრძელება.

არსებული გეგმით, Solar Airship One-მა ეკიპაჟის სამი წევრი 20 დღის განმავლობაში 40,000 კმ-ზე მეტ მანძილზე უნდა გადაიყვანოს. ხომალდი 6,000 მეტრ სიმაღლეზე 25 ქვეყანაში, ორი ოკეანისა და სხვადასხვა ზღვების თავზე იფრენს.

ხომალდის ზომა სიგრძეში 151 მეტრია. ის შექმნილია წიაღისეული საწვავის გარეშე მუშაობისთვის, ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვის უზრუნველსაყოფად. ამის მისაღწევად, ხომალდი აღჭურვილია ორმაგი კონვერტორით, რომელიც ასტაბილურებს გარე წნევას და არეგულირებს შიდა ტემპერატურას, რაც საშუალებას აძლევს მას ამინდის სხვადასხვა პირობებს გაუძლოს.

“მისია მარტივია - ვიფრინოთ მსოფლიოს გარშემო სპეციალური ინფრასტრუქტურის გარეშე, მზის ენერგიით, სამკაციანი ეკიპაჟით, რათა ნამდვილად დაამტკიცოთ, რომ ჩვენი ახალი, ციფრული და საინჟინრო ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს პროცესები ელექტროფიკაციაში გადავიტანოთ“, - ამბობს ხომალდის დეველოპერი კომპანია Capgemini-ის ინტელექტუალური ინდუსტრიის ხელმძღვანელი მაიკ დუიერი.

Solar Airship One-ის მზის ენერგიის ფირფიტები ხომალდის ზედა ნაწილს სრულად ფარავს. დღის საათებში პანელები ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, ჭარბი ენერგია კი უჯრედებში შეინახება, რომლებიც წყლის ელექტროლიზის გზით, წყალბადს წარმოქმნიან.

„ეს არის სახეცვლილი ვერსია. წარსულში ჩვენი ხომალდები მუშაობდნენ ჰელიუმზე, მაგრამ ახლა ჩვენ ვუყურებთ ახალ ეპოქას, სადაც პრიორიტეტია ნულოვანი გამონაბოლქვი. ამ ტიპის ტექნილოგიები კი, არანაირ ზიანს არ აყენებს გარემოს” - ამბობს დუიერი.

ეკიპაჟის ამბიციური მიზანია შთააგონოს ინჟინრებისა და ავიატორების შემდეგი თაობა და დაეხმაროს მათ უფრო მდგრადი მომავლისკენ ნაბიჯების გადადგმაში.

Solar Airship One-ის პირველი ფრენა 2026 წელს იგეგმება.

გამოგვყევით