ავტოსადგურების რეფორმა, რომლის გატარებასაც ავტო ექსპერტები უკვე წლებია ითხოვენ, აქტიურ ფაზაში შევიდა. მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან 150 კილომეტრზე მეტით დაშორებულ პუნქტებს შორის, მგზავრების გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება და დასაშვები მხოლოდ ავტობუსებით იქნება. ასევე პირველი ივნისიდან, ავტოსადგურებს სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ.
სერტიფიცირების ფასი სადგურის კატეგორიის მიხედვით ათასიდან 10 000 ლარის ფარგლებში მერყეობს. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა - ეს ორი მთავარი პუნქტია იმ რეფორმის, რომელიც მგზავრთა გადაყვანის სფეროში ეტაპობრივად განხორციელდება.
რეფორმის პირველი ეტაპი უკვე აქტიურ ფაზაშია, რაც გულისხმობს საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის სპეციალური ნებართვის აღებას. კერძოდ, პირველი დეკემბრიდან, იუსტიციის სახლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე მიმდინარეობს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის, ასევე, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის ნებართვების მოპოვების მიზნით, შესაბამისი განცხადებების მიღება. რაც შეეხება, უშუალოდ ნებართვებს, მათ, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო 3 წლის ვადით გასცემს. ნებართვის აღება 2025 წლის 1-ელ მარტამდე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ პერიოდიდან, ნებართვის გარეშე მგზავრების გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი.
გარდა მგზავრთა გადამყვანი ოპერატორებისა, ფუნქციონირებისთვის შესაბამისი სერტიფიკატი დასჭირდებათ ავტოსადგურებსაც. ხაზგასასმელია ერთი ფაქტი, რომ მიმდინარე წლიდან ყველა საქალაქთაშორისო რეისი მხოლოდ ავტოსადგურიდან უნდა შესრულდეს. ბუნებრივია, ამ რეფორმას ეხმაურებიან ავტო ექსპერტები.
„ბიზნესპარტნიორთან“ საუბარში „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ფონდის დირექტორი ირაკლი იზორია ამბობს, რომ რეფორმა სტიმულს მისცემს თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი რეკონსტრუქციისა და ახალი, საერთაშორისო დონის ავტოსადგურების მშენებლობას. ამასთან, ეს ყველაფერი უზრუნველყოფს სატრანსპორტო ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელებას, რაც დღეს ქვეყანაში არ ხდება.
ირაკლი იზორია მიიჩნევს, რომ გარდა უსაფრთხოების სტანდარტის ამაღლებისა და სერვისის დახვეწისა, ახალი თამაშის წესების ამოქმედებით, სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობები გაჩნდება. მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში არც ავტოსადგურების ოფიციალური რაოდენობაა ცნობილი და არც მძღოლების. შესაბამისად, ამ ეტაპზე, მგზავრთა გადაყვანის სფეროში კონკურენციის ყველა პირობა დარღვეულია.
მეტიც, როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, ბაზარზე სრული ქაოსია და ავტოსადგურების გვერდის ავლით, მგზავრთა გადაყვანის შემთხვევებს სისტემური ხასიათი აქვს. ექსპერტების განმარტებით, აღურიცხავი გადამყვანები, წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, იმდენივე მგზავრს ემსახურებიან, რამდენსაც ავტოსადგურები, თუმცა ავტოსადგურებისგან განსხვავებით, ისინი არ იხდიან არანაირ გადასახადებს, რაც არაჯანსაღ ბიზნესგარემოს ქმნის.
ცნობისთვის, ავტოსადგურების რეფორმის და მოდერნიზების პროცესში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთვება სპეციალური სახელმწიფო პროგრამის მეშვეობით, რომლის თანახმადაც ავტოსადგურის მფლობელს შესაძლებლობა ექნება შეამციროს ავტოსადგურის მშენებლობის, ან რემონტის მიზნით აღებული სესხის, ან ლიზინგის პროცენტი და ასევე, უზრუნველყოფს სესხის გარანტიას 80%-ის მოცულობით.