2011 წლიდან დღემდე, „ფონდი ნატახტარი“ 1 192 593 ლარით 750-მდე მზრუნველობამოკლებულ ახალგაზრდას დაეხმარა „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ პროფესიული მხარდაჭერით. შედეგად, ასობით ახალგაზრდამ დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო და წარმატებით აგრძელებს ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავებას. ამ ყველაფერს კი უზრუნველყოფს „ფონდი ნატახტარის“ 3 ძირითადი პრიორიტეტი: უმაღლესი და პროფესიული განათლება, დასაქმება და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
14 წლის განმავლობაში „ფონდმა ნატახტარმა“ რესურსები იმ საჭიროებებზე გადაანაწილა, რაც თითოეული ახალგაზრდისთვის აქტუალური იყო. ამ ხნის განმავლობაში, ფონდის დახმარებით:
- 361-მა ბენეფიციარმა მიიღო პროფესიული განათლება;
- 73-მა ახალგაზრდამ მიიღო უმაღლესი განათლება;
- 235-ზე მეტმა ახალგაზრდამ შეისწავლა ხელობა და გაიარა სტაჟირება სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთან და ადგილობრივ ოსტატთან;
- 748 ბენეფიციარმა მიიღო ფსიქოლოგის ინდივიდუალური მომსახურება.
დღეის მონაცემებით, პროექტში ჩართული ახალგაზრდების 90% მუშაობს, მათგან 70%-ზე მეტი კი სტაბილურად არის დასაქმებული.
„ფონდი ნატახტარისა“ და „ასოციაცია ჩვენი სახლი - საქართველოს“ ინიცირებით ჩატარდა სოციალური ადვოკატობის კამპანია ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და თბილისში, რასაც შედეგად მოჰყვა ადგილობრივი სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის გაძლიერება. რუსთავის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად ფართოვდება.
დაფინანსება უზრუნველყოფს სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდის განათლების უფლების რეალიზებას, ახალგაზრდისთვის პროფესიის შესწავლას, ბინის ქირით უზრუნველყოფას და ყოველდღიური ცხოვრებისთვის აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად თანხის გამოყოფას.
„ფონდი ნატახტარის“ 2025 წლის ანგარიში ასე გამოიყურება:

უნდა აღინიშნოს, რომ 2025 წლის განმავლობაში თანამშრომლობა შედგა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან: „ცხოვრების შანსი“,„World Vision Georgia“ (კრიზისული ცენტრი) და „ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“.
„ფონდი ნატახტარი“ დაფუძნდა 2011 წელს და მისი მიზანია მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდების მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, რაც გულისხმობს მათ მხარდაჭერას განათლების მიღებასა და დასაქმებაში. პროექტი ხორციელდება გამოცდილ არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „ჩვენი სახლი – საქართველოსთან“ პარტნიორობით. ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების პროცესში მნიშვნელოვანია მათთვის ფსიქოლოგიური მომსახურების გაწევა: ფსიქოკონსულტირება, ფსიქოდიაგნოსტირება და, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოთერაპია.
თითოეული ახალგაზრდისთვის თანხა მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, ბენეფიციართა დახმარების სახეებია: პროფესიული თუ უმაღლესი განათლების მიღების მხარდაჭერა, სტიპენდია, კომუნალური ხარჯების დაფარვა, მგზავრობის თანხის გადახდა, სახელმძღვანელოებისა და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა, სამედიცინო კვლევებისა და მკურნალობის დაფინანსება, მედიკამენტების შეძენა და სხვ.